ავტორი:

“მეფეთა დაავადება“ დაბრუნდა - მტკივნეული სიმპტომები და მისი გამომწვევი მიზეზები: რას წერს მედია “მდიდრების ქარის“ შესახებ

“მეფეთა დაავადება“ დაბრუნდა - მტკივნეული სიმპტომები და მისი გამომწვევი მიზეზები: რას წერს მედია “მდიდრების ქარის“ შესახებ

მსოფლიოში ხელახლა იმატა აუტანელმა დაავადებამ, რომელსაც ოდესღაც მდიდარი, ძლიერი და ფუფუნებაში მცხოვრები ადამიანების ავადობის ხანგრძლივი ისტორიის გამო “მეფეების დაავადებას“ უწოდებდნენ. 1990 წლიდან მოყოლებული, ნიკრისის ქარის (პოდაგრის) შემთხვევები მთელ მსოფლიოში 20%-ზე მეტით გაიზარდა, რის გამოც უამრავი ადამიანი შეუერთდა ჰენრი VIII-ის, ისააკ ნიუტონისა და ბენჯამინ ფრანკლინის რიგებს.

აშშ-ში ამ მტანჯველი დაავადებით ამჟამად დაახლოებით 12 მილიონი ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს.

  • რა არის ნიკრისის ქარი და როგორ ვითარდება იგი?

ნიკრისის ქარი არის ართრიტის ანთებითი ფორმა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლში ჭარბად გროვდება შარდმჟავა - ორგანიზმის მიერ პურინებად წოდებული ქიმიური ნაერთების დაშლის ნარჩენი პროდუქტი. ნორმალურ მდგომარეობაში თირკმელები ფილტრავენ მას და ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით გამოყოფენ. თუმცა, როდესაც შარდმჟავას დონე ძალიან მაღალი ხდება, ჭარბი რაოდენობა შესაძლოა კრისტალიზდეს სახსრებში მახვილი, ნემსისებური შპილკების სახით, რაც უეცარ და ხშირად აუტანელ ტკივილს იწვევს.

პურინები ბუნებრივად იწარმოება ორგანიზმში, თუმცა მათ თითქმის ყველა საკვები და სასმელი შეიცავს. განსაკუთრებით დიდ რაოდენობას შეიცავს წითელი ხორცი, გარკვეული ზღვის პროდუქტები, ალკოჰოლი და შაქრიანი სასმელები. საუკუნეების წინ ასეთი ფუფუნების საკვების რეგულარული მიღება მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ, რის გამოც დაავადებას “მეფეთა დაავადება“ ან “მდიდრების დაავადება“ შეარქვეს.

დღესდღეობით ნიკრისის ქარის გამომწვევი კვების რაციონით ტკბობისთვის მეფის მზარეული აღარ არის საჭირო. თანამედროვე კვების ჩვევებმა, სიმსუქნის დონის მატებასთან და სხვა ქრონიკულ დაავადებებთან ერთად, ეს ოდესღაც იშვიათი სენი გაცილებით ფართოდ გავრცელებულ პრობლემად აქცია.

დღესდღეობით აშშ-ში 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს “ნიკრისის ქარით“. იგი ყველაზე ხშირად ფეხის დიდ თითს აზიანებს, თუმცა ასევე შეიძლება განვითარდეს მუხლებში, კოჭებში, ხელის მტევნებში, მაჯებსა და იდაყვებში. სიმპტომები ჩვეულებრივ პერიოდულად ჩნდება და ქრება, თუმცა შეტევამ შესაძლოა ისეთი ინტენსიური ტკივილი და მგრძნობელობა გამოიწვიოს, რომ საბნის სიმძიმის გაძლებაც კი გაუსაძლისი გახდეს.

“ხშირად ეს ღამით იწყება, ადამიანი წვება დასაძინებლად, თუმცა მოულოდნელად ტკივილით იღვიძებს და ფეხს იატაკზე ვერ ადგამს“, - განუცხადა The Guardian-ს კილის უნივერსიტეტის რევმატოლოგმა და პროფესორმა ედვარდ როდიმ.

სიმპტომებში შედის კანის ფერის ცვლილება, სიხისტე, შეშუპება და ძლიერი სიმხურვალე დაზიანებული სახსრის გარშემო, რაც ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს იგი იწვის.

ტანჯვა ჩვეულებრივ ერთ ან ორ კვირას გრძელდება, რის შემდეგაც ცხრება, ხოლო ბევრ პაციენტს შეტევებს შორის საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ნიკრისის ქარი ასევე უკავშირდება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების, მათ შორის თირკმლის კენჭებისა და გულის დაავადებების განვითარების გაზრდილ რისკს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, მამაკაცებში იგი დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში, რომლებსაც იგი ჩვეულებრივ მენოპაუზის შემდეგ უვითარდებათ.

ისტორიულად იგი ხანდაზმულებთან ასოცირდებოდა, ნიკრისის ქარის დიაგნოზს სულ უფრო ხშირად უსვამენ ახალგაზრდებსაც.

წყარო