ავტორი:

გველის თუ არა ბირთვული ზამთარი? - ექსპერტები შიშობენ, რომ რუსულმა იერიშებმა შესაძლოა ატომური კატასტროფა გამოიწვიოს

გველის თუ არა ბირთვული ზამთარი? - ექსპერტები შიშობენ, რომ რუსულმა იერიშებმა შესაძლოა ატომური კატასტროფა გამოიწვიოს

საერთაშორისო მარეგულირებლები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის მასშტაბურმა იერიშებმა ბირთვული ინციდენტისა და ატომური კატასტროფის რისკი მკვეთრად გაზარდა.

  • 38 ქვეყნის ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოები მოსკოვს თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

38 სახელმწიფოს წარმომადგენელმა ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელმა ორგანომ ერთობლივი განცხადება გავრცელა, სადაც უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. ექსპერტთა განმარტებით, სტაბილური ელექტროენერგიის არარსებობა საფრთხეს უქმნის ატომური ელექტროსადგურების გაგრილების სისტემებს, რამაც შესაძლოა რეაქტორების გადახურება და დნობა გამოიწვიოს.

მარეგულირებლები რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დარტყმები უკრაინის ატომურ ობიექტებსა და იმ ენერგოინფრასტრუქტურაზე, რაც მათ უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

რეაქტორების დნობის შემთხვევაში, ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებები გაიფრქვევა, რაც 1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიის განმეორების საფრთხეს ქმნის - კატასტროფისა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მძიმე სამოქალაქო ბირთვულ ავარიად ითვლება.

ჩერნობილის ავარიამ რადიოაქტიური ნივთიერებებით უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის, აგრეთვე ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის ვრცელი ტერიტორიები დააბინძურა.

ევროპული რადიაციული დაცვისა და ნორდიკული ქვეყნების რადიაციული უსაფრთხოების ორგანოების ხელმძღვანელმა, პერ სტრანდმა აღნიშნა, რომ მარეგულირებლებს განსაკუთრებით აშფოთებთ რუსული ბომბების საბრძოლო მუხტის ზომების ზრდა.

“რუსების ამ ახალი ტაქტიკის გამო, ბირთვული ავარიის ყველაზე მაღალი რისკი სწორედ ამ ზამთარს იქნება“, - განუცხადა სტრანდმა სააგენტო Reuters-ს.

ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ენერგოსისტემის სრული გათიშვა გამოიწვიოს, რაც უკრაინაში მოქმედ ყველა 9 ბირთვულ რეაქტორზე მოახდენს გავლენას.

“ცხრა რეაქტორი ერთდროულად რადიოაქტიური გაფრქვევის პოტენციალით უაღრესად მძიმე ვითარებას შექმნის“, - განაცხადა სტრანდმა.

  • უკრაინაში სულ 4 ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რომელთაგან 3 მოქმედია და ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 80%-ს უზრუნველყოფს.

ექსპერტთა შეფასებით, რუსეთი ზამთრის მოახლოებასთან ერთად მიზანმიმართულად აძლიერებს დარტყმებს ენერგოსისტემაზე, რათა მოსახლეობას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს და კიევი დათმობებზე წასვლას აიძულოს. მეოთხე - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, ამჟამად რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

წყარო