ავტორი:

"ეს ბავშვი არ იღლება... რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რაც უნდა და გამოსდის?!" - როგორ შეიცვალა პატარა ევას და მისი ოჯახის ცხოვრება პოპულარობის შემდეგ და როგორ პასუხობს გოგონას დედა კრიტიკას

"ეს ბავშვი არ იღლება... რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რაც უნდა და გამოსდის?!" - როგორ შეიცვალა პატარა ევას და მისი ოჯახის ცხოვრება პოპულარობის შემდეგ და როგორ პასუხობს გოგონას  დედა კრიტიკას

ევა და მის და - ანა-მარია ბუთიაშვილები, რომლებიც ყვარლის რაიონის სოფელ გავაზიდან არიან, უკვე წელიწადზე მეტია, საზოგადოებამ თავიანთი ვიდეოებით ახლოს გაიცნო. ისინი ინტერნეტვარსკვლავები არიან.

ცნობილია, რომ გოგონებს ვიდეოს დედა - ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი ყოველდღიურად უღებს და სოციალურ ქსელში ათავსებს... ჰოდა, საქმე იქამდე მივიდა, პატარა ევას ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც - ამერიკაში, თურქეთსა და ინდოეთში...

ევას დედიკოსთან პირველი ინტერვიუ, 2025 წლის აგვისტოში ჩავწერე, როცა გოგონები ინტერნეტსივრცეში ახალი გამოჩენილები იყვნენ, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავდათ. როგორ შეიცვალა მას შემდეგ და როგორია მათი ყოველდღიურობა, რას ფიქრობს დედა შვილის ასეთ პოპულარობაზე, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ - Ambebi.ge-ს ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი ესაუბრა.

- 60 მილიონი ნახვა ორ დღეში სერიოზული და წარმოუდგენელი ამბავია. პატარა ევა საქართველოს საზღვრებს გასცდა... როგორ შეხვდით ამ მოულოდნელ ფაქტს?

- მართლაც საოცარი ციფრია. ორ დღეში 60 მილიონი ნახვა. ალბათ, საქართველოში ასეთი შედეგი არავის ჰქონია. ამას ხშირად თვეები და წლებიც კი სჭირდება. მოდი, ეს ყველაფერი უფალს მივანდოთ - მართლა უფლის მადლით ხდება ყველაფერი, სხვა კომენტარს ვერც გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ამხელა გამოხმაურება. ვიდეო უცხოელმა ვარსკვლავებმაც ნახეს.

ჯერ თურქმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა გააზიარა - თუ არ ვცდები, "ლამბადაზე“ ან სხვა ცეკვაზე აწყობილი ვიდეო იყო, ეტყობა, თავის ბავშვობას მიამსგავსა. შემდეგ კი სელინ დიონის თემასაც დაუკავშირდა: მოდის კვირეულზე ევას ვიდეო ჩართო, თვითონაც ცეკვავდა და ამბობდა, "პატარა გოგოო“. იმის მერე ვიდეო ინდოეთშიც ძალიან "გავარდა". გუშინდელი (16 ნოემბერი. - ავტ.) მონაცემებით, 60 მილიონი ნახვა და 5 მილიონი მოწონება ჰქონდა.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება და ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ასეთი ცნობილები გახდით?

- ჩვენ ისევ ისეთები ვართ, როგორებიც ვიყავით. უბრალოდ, ცხოვრების სტილი შეიცვალა იმ მხრივ, რომ ევა უფრო დაიტვირთა, თუმცა არ იღლება - ეს ბავშვი მართლა არ იღლება. სულ გზაში ვართ, გადაღებებზე დავდივართ - "მიხო და მაროში“, "ნიჭიერში“ იღებს მონაწილეობას, კიდევ არის სხვა შემოთავაზებები და პროექტები, რომლებსაც ჯერ ვერ დავასახელებ... გამოდის ასე წამებში შეიცვალა ყველაფერი. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება - ჩვეულებრივი დღე თენდება და უცებ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება.

- ევა სკოლაში როდის მიდის? ახლა, ალბათ, ბაღში სიარულსაც ვეღარ ახერხებს...

- სკოლაში მომავალ წელს უწევს მისვლა. ძალიან უნდა და უყვარს სკოლაც, ბაღიც, უბრალოდ, გადატვირთული გრაფიკის გამო ბაღში სიარულს ვეღარ ვახერხებთ. როცა თავისუფალი დღეები აქვს, ნებაზე ვუშვებ, რომ დაისვენოს და ის აკეთოს, რაც თვითონ სურს. საერთოდ ასეთია - რაც უნდა, იმას აკეთებს, რაც არ უნდა, ვერავინ ვერაფერს გააკეთებინებს. ხომ ვამბობ, ეს ბავშვი არ იღლება, ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ იღლება. რაღაცებს წერენ სოციალურ ქსელში.

- მინახავს სოციალურ ქსელში ნეგატიური კომენტარები, რომ დედა ბავშვს ზედმეტად ტვირთავს, რომ ასე არ შეიძლება... რას იტყვით ამაზე?

- მაგ კომენტარებს ვაიგნორებ. მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, ჩვენ - ჩვენი. მე ჩემსას მაინც გავაკეთებ, რადგან ევას ეს უნდა. ბავშვს თვითონ აქვს ამის მოთხოვნილება, არ იღლება და რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რაც უნდა და გამოსდის?!

- ფიქრია, სულ ბავშვთან ერთად გიწევთ ყოფნა და თქვენ თუ ახერხებთ სამსახურში სიარულს?

- სამწუხაროდ, ბაღში სიარულს ვეღარ ვახერხებ, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი მერის, რომ მაქსიმალურად მიწყობს ხელს...

- ვიდეოების ერთ-ერთი პერსონაჟია თქვენი პაპა, ძალიან საყვარელი კაცია... რას გვეტყვით მასზე?

- პაპა - ვანუშა ჩეკურიშვილი 87 წლისაა. ახალგაზრდობაში სპორტსმენი, მოჭიდავე იყო. სულ ამბობს ხოლმე, კარგად ვჭიდაობდიო. ჩემი მამის მამაა - ანუ ევას დიდი პაპაა. სხვათა შორის, მამაჩემიც მოჭიდავეა, სპორტის ოსტატი, ბიძაჩემიც მოჭიდავე იყო - ოჯახში სულ სპორტსმენები იყვნენ...

რაც შეეხება პაპას, ერთ დღეს თვითონ ევამ თქვა, მოდი, პაპასთან ერთად გადავიღებ ვიდეოსო. ვკითხეთ მას, გინდა ვიდეოში გამოჩნდე-თქო? კი, რატომაც არაო. ახლა იმდენად მიეჩვია, რომ ევა თუ მარტო წერს ვიდეოს, პაპას სწყინს - მე რატომ არ მაწერინებთო, იბუტება (იცინის). ყველანი ზუსტად ისეთები არიან ცხოვრებაშიც, როგორებიც კადრში ჩანან - ალალები და ბუნებრივები.

- ვის ჰგავს ევა ასეთი აქტიური და არტისტული?

- ალბათ, არავის - ასეთი დაიბადა.

- თქვენი მეორე გოგონა - ანა-მარია ცოტა მორიდებულია...

- კი, ანა-მარია უფრო მორიდებული, დინჯი და გაწონასწორებული ბავშვია. ისიც ძალიან ნიჭიერია, უბრალოდ, დამთმობი ხასიათი აქვს, ევა კი ძალიან აქტიურია. ანა-მარიას დიდი წვლილი მიუძღვის ევას გაზრდაში. უერთმანეთოდ ვერ ძლებენ - როგორც ყველს უნდა შეატანო პური და პურს - ყველი, ზუსტად ისე ავსებენ ერთმანეთს.

- ყოველდღე ახალ ვიდეოს დებთ: სხვადასხვა მუსიკა, ცეკვა, შესაბამისი სამოსი... ამ ყველაფერს თქვენ აბამთ თავს? როგორ იმახსოვრებს ევა ტექსტებს ასე სწრაფად?

- არაფერს წინასწარ არ ვდგამთ. უბრალოდ, ერთხელ მოვასმენინებ მუსიკას, ჩავრთავ კამერას და ვეუბნები: "მიდი, გააკეთე, რაც გინდა“. ისიც იწყებს და ისეთი მიმიკები და გარდასახვის უნარი აქვს, ზოგჯერ კადრში დაჭერასაც ვერ ვასწრებ. გეფიცებით, პროფესიონალ მსახიობსაც ალბათ არ გამოუვა ისე, როგორც ამას გამოსდის... ბუნებრივი, თანდაყოლილი უნარები აქვს. არც სამეჯლისო ცეკვებზე უვლია აქამდე (ახლახან შევიყვანეთ ცეკვაზე) და არც კერძო მასწავლებლები ჰყოლია. ერთხელ უყურებს რაღაცას და მერე იმაზე უკეთესად აკეთებს. ამას ვერ ისწავლი - ეს უნარი ან გაქვს დაბადებიდან, ან არა.

დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე კარგი რეჟისორი ან პროდიუსერი ნახავს - გინდ ქართველი იყოს, გინდ ამერიკელი ან ინდოელი - ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ვინც ევას აღმოაჩენს და მასში ინვესტიციას ჩადებს, ათიათასჯერ მეტს მიიღებს უკან.