UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, შარა ბულეტ მაგომედოვმა, მეორე ცოლის მოყვანის შესაძლებლობაზე ისაუბრა. სპორტსმენის განცხადებით, მისი ამჟამინდელი მეუღლე პოლიგამიურ ქორწინებას ეთანხმება, თავად კი მიიჩნევს, რომ მეორე ცოლის ყოლა პირველი მეუღლის ღალატზე უკეთესი გამოსავალია.
ამის შესახებ დაღესტნელმა მებრძოლმა YouTube-არხ "Макарена“-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ყველა მუსლიმს აქვს ასეთი შესაძლებლობა, უბრალოდ, ყველა არ ეთანხმება ამაზე. ჩემი ცოლი დამთანხმდა, რადგან არ შეიძლება არ დაეთანხმო იმას, რაც ყოვლისშემძლემ დაუშვა. თუ არ ეთანხმები, ეს ნიშნავს, რომ შენს გულში რწმენა არაა“, - განაცხადა მაგომედოვმა.
კითხვაზე, ნამდვილად აპირებდა თუ არა მეორე ცოლის მოყვანას, მებრძოლმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.
"ვფიქრობ, კი“, - უპასუხა მან.
"იმისთვის, რომ პირველს ღალატის სურვილი არ გაგიჩნდეს. სჯობს მეორე ცოლი მოიყვანო, ვიდრე ცოდვაში იყო. ალბათ, ყველას იზიდავს ვიღაც სხვა“, - განმარტა სპორტსმენმა.

მაგომედოვმა ასევე აღნიშნა, რომ მამაკაცს ოთხამდე ცოლის ყოლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მათ ფინანსურად უზრუნველყოფის შესაძლებლობა აქვს. მისი აზრით, მეუღლეზე ზრუნვა, მათ შორის საჩუქრების შეძენა და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება, კეთილი საქმეა, რომლისთვისაც ადამიანი ყოვლისშემძლე ღმერთისგან ჯილდოს მიიღებს.
შარაბუტდინ მაგომედოვი32 წლისაა. დაღესტანში დაბადებული სპორტსმენი UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში ასპარეზობს და შარა ბულეტის მეტსახელით არის ცნობილი.
პროფესიულ შერეულ ორთაბრძოლებში მას 17 გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. აქედან 12 შეხვედრა ნოკაუტით მოიგო.
კარიერაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მარცხი მაგომედოვმა 2025 წლის 1 თებერვალს იწვნია. ერ-რიადში გამართულ UFC-ის ტურნირზე ის ბრიტანელ მაიკლ პეიჯთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მანამდე დაღესტნელი მებრძოლი საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებდა, თუმცა მარცხის შემდეგ საუკეთესო 15 მებრძოლს შორის ადგილი დაკარგა.
მოგვიანებით მაგომედოვმა გამარჯვებების სერია განაახლა. 2025 წლის ივლისში მან კანადელი მარკ-ანდრე ბარიო დაამარცხა, 2026 წლის ივნისში კი ბრაზილიელ მიშელ პერეირას სძლია. ორივე შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა.
ამჟამად შარა ბულეტი UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-15 პოზიციას იკავებს.
მისი მომდევნო ბრძოლა 2026 წლის 5 დეკემბერს, ერ-რიადშია დაგეგმილი. მაგომედოვის მეტოქე UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია იქნება. ეს შეხვედრა რუსი მებრძოლისთვის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდად შეიძლება იქცეს.