აშშ-ში რამდენიმე მსხვილი ბანკის მომხმარებლებს პრობლემები შეექმნათ. 16 ნოემბერს ათასობით ადამიანმა განაცხადა, რომ ვერ შედიოდა საკუთარ ონლაინანგარიშზე, ვერ ამოწმებდა ბალანსს და თანხის გადარიცხვასაც ვერ ახერხებდა.
როგორც ამერიკული მედია წერს, მომხმარებლების საჩივრების რაოდენობამ განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში იმატა. Downdetector-ზე, სადაც ადამიანები სხვადასხვა სერვისის შეფერხების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ, ათასობით შეტყობინება შევიდა.
CBS News-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთის დროით დაახლოებით 14:00 საათისთვის მხოლოდ Chase-ის მუშაობასთან დაკავშირებით თითქმის 4 800 საჩივარი იყო დაფიქსირებული.
JPMorgan Chase-მა დაადასტურა, რომ მის სისტემაში ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. ბანკის განმარტებით, შეფერხება შიდა სისტემაში არსებულ პროგრამულ ხარვეზს უკავშირდებოდა.

ბანკში განაცხადეს, რომ მომხდარი კიბერშეტევას არ უკავშირდებოდა და მომხმარებლების ანგარიშებზე თანხა საფრთხის ქვეშ არ ყოფილა.
ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობდნენ და მომსახურების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ცდილობდნენ.
მომხმარებლების საჩივრები რამდენიმე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს შეეხო. JPMorgan Chase-ის მომხმარებლები ანგარიშებზე შესვლისა და თანხის გადარიცხვის პრობლემებზე საუბრობდნენ.
Bank of America-ს მომხმარებლების ნაწილმა ბანკომატებისა და მობილური აპლიკაციის მუშაობასთან დაკავშირებული შეფერხებების შესახებ განაცხადა. თუმცა ბანკის წარმომადგენელმა CBS News-ს განუცხადა, რომ მათი სისტემები ჩვეულებრივ მუშაობდა.
Wells Fargo-ს მომხმარებლები ანგარიშების შემოწმებისა და საბანკო ოპერაციების შესრულებისას შექმნილ სირთულეებს უჩიოდნენ.
U.S. Bank-ის მომხმარებლების შეტყობინებებიც ძირითადად ონლაინ ბანკინგსა და თანხის გადარიცხვას უკავშირდებოდა.
პრობლემების შესახებ ცნობები გავრცელდა Capital One-ისა და Truist-ის მომხმარებლებისგანაც, თუმცა ამ ბანკების წარმომადგენლებს სისტემური შეფერხება არ დაუდასტურებიათ.
საბანკო პრობლემების ფონზე მომხმარებლებს სირთულეები შეექმნათ Zelle-ს გამოყენების დროსაც.
Zelle აშშ-ში ერთ-ერთი პოპულარული გადახდის პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ერთმანეთისთვის თანხის სწრაფად გადარიცხვა შეუძლიათ.
მომხმარებლების ნაწილი აცხადებდა, რომ თანხის გაგზავნა ან მიღება უჭირდათ.
თავად Zelle-ში განაცხადეს, რომ პლატფორმა ჩვეულებრივ მუშაობდა. კომპანიის განმარტებით, პრობლემა შესაძლოა იმ ბანკების სისტემებს უკავშირდებოდეს, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები მომსახურებით სარგებლობენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბანკს ტექნიკური შეფერხება აქვს, შესაძლოა მისმა მომხმარებელმა Zelle-ით თანხის გადარიცხვაც ვერ შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ თავად პლატფორმა მუშაობს.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩეკის განაღდებაც ვერ შეძლო
CBS News-ის ინფორმაციით, პრობლემები მხოლოდ მობილურ აპლიკაციებსა და ონლაინ ბანკინგს არ შეხებია.
ტეხასში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოცემას განუცხადა, რომ დალასში, Chase-ის ფილიალში, ჩეკის დეპონირება სცადა, თუმცა ოპერაცია ვერ შეასრულა.
მისი თქმით, ბანკის თანამშრომელმა სხვა მომხმარებელს განუცხადა, რომ სისტემა გათიშული იყო.
აშშ-ში ბანკების მუშაობის შეფერხება ბოლო დღეებში მომხდარ სხვა ტექნოლოგიურ პრობლემებს დაემთხვა.
რამდენიმე დღით ადრე Microsoft-ის სერვისების მუშაობა შეფერხდა. მომხმარებლებს პრობლემები შეექმნათ Outlook-ის, Teams-ისა და Copilot-ის გამოყენებისას.
ასევე, აშშ-ის საავიაციო სისტემაში დაფიქსირებულმა შეფერხებამ ფრენების განრიგზე იმოქმედა. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) საკომუნიკაციო სისტემაში შექმნილი პრობლემის გამო ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ორშაბათს კი ტექნიკური პრობლემა შეექმნა United Airlines-საც, რის გამოც ავიაკომპანიას ზოგიერთი რეისის გამგზავრების გადადება მოუწია.
ამასთან, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბანკების, Microsoft-ისა და საავიაციო სისტემების შეფერხებებს საერთო მიზეზი ჰქონდა.
JPMorgan Chase-ში კი აცხადებენ, რომ მათი პრობლემის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო და არა კიბერშეტევა.
ამ დროისთვის ზუსტად უცნობია, რამდენ მომხმარებელს შეეხო საბანკო მომსახურების შეფერხება.