მიგრენი, რომელსაც საქართველოში შაკიკსაც უწოდებენ, მხოლოდ ძლიერი თავის ტკივილი არ არის. ეს ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ხშირად თან ახლავს გულისრევა, სინათლისა და ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თავბრუს ხვევა და მხედველობითი დარღვევები. მიგრენის შეტევა შეიძლება საათობით ან რამდენიმე დღე გაგრძელდეს და მნიშვნელოვნად დაარღვიოს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება.
რატომ არის მიგრენი ქალებში უფრო ხშირი, რა კავშირი აქვს მას ჰორმონულ ცვლილებებთან და რატომ უვითარდებათ ზოგიერთ ქალს შეტევები მენსტრუაციის დაწყებამდე ან მის პირველ დღეებში? შეიძლება თუ არა უძილობამ, შიმშილმა, სტრესმა ან ამინდის ცვლილებამ მიგრენის პროვოცირება მოახდინოს? რამდენად საშიშია ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება და რა თანამედროვე მეთოდები არსებობს დაავადების სამკურნალოდ?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე mkurnali.ge-ს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ნევროლოგი თორნიკე ჭაღალიძე ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი გერმანიაში, KMG Klinikum Güstrow-ის ნევროლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს, რომელიც როსტოკის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ცენტრია
- ბატონო თორნიკე, ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ძლიერი თავის ტკივილი ყოველთვის მიგრენას ნიშნავს. რეალურად, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ტკივილი შესაძლოა მიგრენი იყოს და არა უბრალოდ გადაღლილობის ან დაძაბულობის შედეგი?
- მიგრენი მიეკუთვნება თავის პირველადი ტკივილების ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ფორმას. მისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია შეტევები და არა ერთჯერადი ეპიზოდი. ასევე, ხშირად არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. როგორც წესი, თან ახლავს ცალმხრივი ან ორმხრივი, პულსირებადი, ძლიერი თავის ტკივილი, ნელი დასაწყისით, რომელიც ძლიერდება ფიზიკური აქტივობისას.
- მიგრენის დროს ზოგიერთ ადამიანს სინათლე აუტანლად ეჩვენება, ზოგს გულისრევა აქვს, ზოგს კი მხედველობა ეცვლება. რატომ ვლინდება ერთი და იგივე დაავადება ასეთი განსხვავებული სიმპტომებით?
- ამ დაავადების თანმხლები სიმპტომები განპირობებულია თავის ტვინის მომატებული გაღიზიანებადობით, ანუ ნერვული სისტემა ზოგადად გაღიზიანებულია. შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელი არეალის გაღიზიანებადობას აქვს ადგილი, ვხვდებით განსხვავებულ სიმპტომებს. ესენია: სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, გულისრევა, თავბრუსხვევა და ასე შემდეგ.
- პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ მიგრენი კონკრეტულ სიტუაციებში ეწყებათ -შიმშილის, უძილობის, სტრესის, ამინდის ცვლილების ან გარკვეული საკვების მიღების შემდეგ. რამდენად რეალურია ეს კავშირები და შესაძლებელია თუ არა შეტევის გამომწვევი მიზეზის დადგენა?
- მინდა გითხრათ, რომ ეს დაკვირვება საკმაოდ რეალურია. როგორც უკვე ვახსენეთ, მიგრენის დროს თავის ტვინის გაღიზიანებადობა მკვეთრად მომატებულია. თავის ტვინი იმყოფება გარკვეულ ჰომეოსტაზში. როცა ხდება ამ რიტმის ცვლილება, იქნება ეს სტრესი თუ სტრესისგან უეცარი გათავისუფლება, ეს იწვევს ჰომეოსტაზის დარღვევას და ვლინდება, მათ შორის, მიგრენის შეტევით.
- შეიძლება ადამიანს შაბათ-კვირას, დასვენების დღეებში დაეწყოს მიგრენი, მაშინ როცა სამუშაო დღეებში მსგავსი პრობლემა არ აწუხებს?
- დიახ, სრულიად შესაძლებელია. როგორც ვისაუბრეთ, როცა იცვლება გარკვეული სტაბილური მდგომარეობა, ამ შემთხვევაში სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესიდან უცებ გადავდივართ სტრესის გარეშე სიტუაციაში, ესეც შეიძლება გახდეს შეტევის გამომწვევი მიზეზი.