დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა - მისი დაბადებიდან 135 წელი გავიდა. Ambebi.ge-ს არქივში ინახება სტატია გალაკტიონ ტაბიძისა და მისი მეუღლის, ოლია ოკუჯავას შესახებ. გავიხსენოთ კლასიკად ქცეული სიყვარულის ამბავი:
"ორივე ახალგაზრდა: მამაკაცი, მისივე სიტყვებით, "მხოლოდ უბედური და დაწყევლილი, უსახლკარო, უბინაო... მართლა... "ქუჩის ბიჭი", ხოლო ქალი, სიყვარულის ამგვარად ამომთქმელი - "მე ვიტანჯებოდი, ვეცემოდი და კვლავ ფეხზე ვდგებოდი. ვიტანჯები, ვეცემი და თანდათან სიღრმეში ვეშვები. გაიგე ჩემი განცდები და შენც განიცადე, რადგან სიტყვები უძლურია აღწეროს ისინი"; ორივე ბობოქარი ვნების ადამიანი, ერთმანეთისთვის საბედისწეროები რომ აღმოჩნდნენ და მათი სიყვარულის პოეზიაც და პროზაც სწორედ რომ იყო - ტანჯვა, დაცემა, კვლავ წამოდგომა და... არცთუ ხანგრძლივი ერთობლივი ცხოვრების მძაფრი ქარტეხილი, რომელმაც, საბოლოოდ, ორივე გაანადგურა.

გალაკტიონ ტაბიძესა და მის მეუღლეს - ოლია ოკუჯავას ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, ქუთაისში გაუცნიათ. ბიძაშვილები - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები, თურმე, ქუჩას მიუყვებოდნენ, მარტოდ მომავალი, იმხანად ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლე ოლია რომ შეუნიშნავთ. თავად ოლია იხსენებდა: გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადამექცეოდაო. ტაბიძეების სასწავლებელი - კლასიკური გიმნაზია იქვე, ოლიას სასწავლებელთან ახლოს იყო და ახალგაზრდა ქალს შემჩნეულიც ჰყავდა გალაკტიონი, განუყრელი შარფითა და ქუჩაზე განმარტოებით მოსიარულე. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო მათი ნაცნობობაც და სიყვარულიც. იმხანად გალაკტიონი 20 წლის ყოფილა. ოლია სილამაზით არ გამოირჩეოდა. ზოგიერთი, თურმე, მას "უშნოდაც" კი მიიჩნევდა. ერთხელ ამ უკანასკნელის ბიძაშვილის შვილმა, ქალბატონმა ნატო ოკუჯავამ აღნიშნა კიდეც, რამხელა სულიერი კავშირი უნდა ყოფილიყო მათ შორის, რომ მიუხედავად ამგვარი გარეგნობისა, ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათო. გალაკტიონის ძმისშვილი, აწ გარდაცვლილი ნოდარ ტაბიძე კი მათ სიყვარულს "უდიდეს და უმძაფრეს პოემას" უწოდებდა. გალაკტიონი პირველად ოლიას აკითხებდა თავის ლექსებს, ის იყო მისი პოეზიის პირველი კრიტიკოსი. თვითონაც უნიჭიერესი და მრავალმხრივ განვითარებული ქალი იყო, ისიც წერდა. ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ, მალევე, ოლიას ჭიათურაში მოუხდა წასვლა - მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. განშორებას ორივე საშინლად განიცდიდა. ოლია ამბობდა, სულ მგონია, კარი გაიღება და ჩემი გალაკტიონი შემოვაო. გალაკტიონი კი საყვარელ ქალს სწერდა: "ოლია! მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება... სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ... ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა"... (6 იანვარი, 1914 წ.)
ოლია ოკუჯავას დიდი ოჯახი ჰქონდა, 8 დედმამიშვილი იყვნენ და მათ გალაკტიონთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. განსაკუთრებული სიახლოვე გალაკტიონს მიხეილთან ჰქონია, მომავალში ცნობილი პოეტისა და კომპოზიტორის, ბულატ ოკუჯავას მამასთან. ოჯახის წევრებიდან ოლიასა და გალაკტიონის ქორწინების წინააღმდეგი მხოლოდ ოლიას დედა - ლიზიკო ყოფილა. ქალბატონი ნატო ოკუჯავას თქმით, ლიზიკოს მეუღლეს - საკმაოდ განათლებულ კაცს, სტეფანეს სმა ჰყვარებია, ლამის ალკოჰოლიკად გადაქცეულა, ამიტომ არ უნდოდა, მისი ქალიშვილიც სმის მოყვარულ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა მაინც ვერაფერს გახდა - ოლიას იმდენად უყვარდა გალაკტიონი, დედას არ დაუჯერა, მამა კი დაიყოლიეს და წყვილმა 1916 წლის 23 აგვისტოს ჯვარიც დაიწერა.
მათ სიყვარულზე სტატიის დაწერის ინსპირატორი აღმოჩნდა ერთი, ჩემთვის მანამდე უცნობი ფოტო და მისგან მომდინარე მძაფრი განცდით დაწერილი ფეისბუკ-პოსტი, რომელმაც სრულიად სხვა, საინტერესო კუთხით დამანახვა გალაკტიონისა და ოლიას სიყვარულის ამბავი. პოსტის ავტორი მწერალი გურამ მეგრელიშვილია:
"ჩემთვის, ერთ-ერთი ამოუხსნელი ფენომენი გალას ცხოვრებაში მისი ცოლი, ოლღა ოკუჯავაა. ოლღა ჯერ კიდევ ახალგაზრდა შევიდა კომუნისტურ პარტიაში და იყო აქტიური რევოლუციონერი, მებრძოლი და მასკულინური ენერგეტიკის ქალი. ცნობილია, რომ საქართველოს ოკუპაციის წლებში, როგორც პარტაქტივისტი დადიოდა გალიფე შარვლით, იარაღით და იყო იმ ეპოქის სულისკვეთებით აღფრთოვანებული მანამ, სანამ ტროცკიზმი ბრალდებით არ გაასამართლეს. სულ მეფიქრებოდა, როგორი უცნაურია ადამიანის სული, გონება, ვნებები. აქეთ გალა - მოსიარულე ღრუბლებს ზემოთ, სიტყვის ჯადოქარი, გრძნობებისა და ემოციების უცნაურად დამბუჟებელი არაამქვეყნიური მორწმუნე კაცი და იქით მისი საყვარელი ცოლი, ოლღა. გალას ცხოვრების დამანგრეველი თავისი უბედურებით. პოეტის ნამდვილი მუზა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ქალი, როგორიც ათასობით, ასი ათასობითაა ჩვენ გვერდით. ათეისტი, პარტიული, რევოლუციონერი, არა რომანტიკა, არა "ცისფერი ცხენები", არა "სილაჟვარდეები" და მაინც, ტაბიძის სულის აღვირი.