საყოველთაოდ ცნობილია, თუ რამდენად დიდი და გენიალური მეცნიერი იყო სტივენ ჰოკინგი, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი პიროვნების "ბნელი" მხარეების შესახებ.
ახალი ბიოგრაფიული წიგნი "ჰოკინგი: მისი ცხოვრება და შემოქმედება“ მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსის ცხოვრების სკანდალურ და შეიძლება ითქვას, დაუჯერებელ ეპიზოდებზე მოგვითხრობს.
1989 წლის შობის დილა იდგა, სტივენ ჰოკინგი, მისი მეუღლე და შვილები ერთმანეთში საჩუქრებს ცვლიდნენ. თუმცა, ოჯახთან გატარებული სადღესასწაულო იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა - ჰოკინგი მათ მალევე დაემშვიდობა და სხვა ქალთან, ელეინთან გაემართა, საბოლოოდ კი ოჯახი მიატოვა.
"დილით ყველას საჩუქრები მოგვცა, შემდეგ კი ელეინთან წასვლა ასეთ დიდ ამბად აქცია. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს მეტისმეტად სასტიკი საქციელი იყო“, - იხსენებს მეცნიერის ქალიშვილი.
ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ არაერთი არასასიამოვნო დეტალიდან, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსის შესახებ გრეჰემ ფარმელოს ახალი ბიოგრაფიული წიგნი მოგვითხრობს.

ამერიკელი ფინანსისტი ეპშტეინი სასჯელს არასრულწლოვანი გოგონების სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის ქსელის ბრალდებით იხდიდა. ის 2019 წელს, სასამართლო პროცესის მოლოდინში, ციხეში გარდაიცვალა.
2026 წელს ეპშტეინის ფაილებთან ერთად გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოში ჰოკინგი ბიკინიში გამოწყობილ ორ ქალს შორის წევს. მისი ოჯახის წევრების განმარტებით, ქალები ფიზიკოსის მომვლელები იყვნენ.
ჰოკინგის ბიოგრაფის თქმით, ფოტოს ეპშტეინთან "არანაირი კავშირი არ აქვს“ და ის 2007 წელს, ფლორიდაშია გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრებმა ფოტოს გადაღების ადგილისა და თარიღის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს.

1963 წელს, 21 წლის ასაკში, ჰოკინგს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS), იგივე ლუ გერიგის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების პროგნოზით, მას სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა მეცნიერმა დაავადებას ათწლეულების განმავლობაში გაუძლო. დიაგნოზის გამო, ის ჯერ ეტლს მიეჯაჭვა, მოგვიანებით კი ტრაქეოსტომიის შემდეგ მეტყველების უნარიც დაკარგა.
როგორც ჩანს, მძიმე დაავადებას ქალებისადმი მისი ინტერესი არ შეუმცირებია. ჰოკინგი ხშირად სტუმრობდა სტრიპტიზკლუბებს, მათ შორის ლონდონის ცნობილ Stringfellows-ს. კლუბის მფლობელი პიტერ სტრინგფელოუ იხსენებს, რომ ერთხელ მეცნიერს არჩევანი შესთავაზა - სამყაროს საიდუმლოებებზე ესაუბრათ თუ მოცეკვავეებისთვის ეყურებინათ. ჰოკინგის პასუხი მოკლე და ცალსახა იყო: "გოგონები“.
2002 წელს, 60 წლის იუბილეზე გამართულ წვეულებაზე, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი მერილინ მონროს იმიტატორი მისთვის სიმღერებს ასრულებდა, ჰოკინგი კი ეტლიდან ღიმილით ადევნებდა თვალს.
"მე და მერილინი დიდი ხნის ნაცნობები ვართ“, - იხუმრა მან.
20 წლის ასაკში, დიაგნოზის დასმიდან ორი წლის შემდეგ, ის ჯეინ უაილდზე დაქორწინდა. ახალგაზრდა ქალს წვეულებაზე შეხვდა. მათ სამი შვილი შეეძინათ. ჰოკინგს სიარული, ჩაცმა და დამოუკიდებლად კვება სულ უფრო უჭირდა, ჯეინმა კი მისზე ზრუნვისა და ყოველდღიური რუტინის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღო. როგორც ბიოგრაფიიდან ირკვევა, ჰოკინგი მეუღლისთვის მარტივად მოსავლელი პაციენტი სულაც არ ყოფილა.
მოგვიანებით ჯეინმა ქმარი შექსპირის ტრაგედიის პერსონაჟ მეფე ლირს შეადარა - ადამიანს, "რომელსაც უზარმაზარი და ფეთქებადი ეგო ჰქონდა“. თავის მოგონებებში ის წერდა: "თუ ადრე ავტორიტარი იყო, მოგვიანებით ეს თვისება კიდევ უფრო გაუძლიერდა“.
1970-იანი წლების მიწურულს ჯეინი დაუახლოვდა ჯონათან ჰელიერ ჯონსს - ქვრივ მამაკაცს, რომელიც ჰოკინგის მოვლაშიც ეხმარებოდა. სტივენი თავდაპირველად მეუღლის ამ ურთიერთობას შეეგუა.
1979 წელს, ჯეინის მესამე შვილის, ტიმოთის, დაბადებიდან რამდენიმე კვირაში, ჰოკინგის დედა, იზაბელი, რძალს დაუპირისპირდა და პირდაპირ ჰკითხა, იყო თუ არა ბავშვის მამა ჯონათანი. ჯეინი ამტკიცებდა, რომ ტიმოთის მამა სტივენი იყო, თუმცა ამას იზაბელისთვის ეჭვები არ გაუქარწყლებია
ჰოკინგი მეორედ 1995 წლის სექტემბერში ელეინზე დაქორწინდა. მალევე ქალს ბრალი დასდეს ქმარზე ფიზიკურ ძალადობაში, რის შედეგადაც თითქოსდა ჰოკინგმა მიიღო სხეულის დაზიანებები, მათ შორის ჭრილობები და ძვლების მოტეხილობები.
ჰოკინგმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები. "მედიაში გავრცელებული ისტორიები სრულიად მცდარია, მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მხოლოდ მისი წყალობით ვარ დღეს ცოცხალი“, - აღნიშნა მან.
2004 წლის მარტში პოლიციამ დაასკვნა, რომ მათ არ შეეძლოთ რაიმე მტკიცებულების პოვნა იმის დასადასტურებლად, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე დანაშაული პროფესორ ჰოკინგის წინააღმდეგ. ექიმებმა ასევე აღნიშნეს, რომ მისი ძვლები უჩვეულოდ მყიფე იყო და მის სამედიცინო ჩანაწერებში დაზიანებები ძალადობას არ მიაწერეს. ამის გამო ელეინისთვის ბრალი არასოდეს წაუყენებიათ. წყვილი 2007 წელს განქორწინდა.