სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი აცხადებს, რომ ნიუ-იორკის ციხეში მისი სიკვდილი არა თვითმკვლელობის, არამედ მკვლელობა იყო.
პროფესორ მაიკლ ფრიმანის განმარტებით, სამედიცინო ექსპერტიზის მასალებისა და ფოტოების ანალიზი აჩვენებს, რომ ეპშტეინი სავარაუდოდ ზურგიდან დაახრჩეს.
BBC Newsnight-თან ინტერვიუში პროფესორმა მაიკლ ფრიმანმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკის სამედიცინო ექსპერტის ფაილების შესწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ეპშტეინი ზურგიდან დაახრჩეს. ფრიმანი, რომელიც აშშ-ის გენერალური პროკურორებისთვის სიკვდილის მიზეზების ექსპერტად მუშაობდა პოლიციის მიერ დაკავებულთა სიკვდილის საქმეებზე (მათ შორის ჯორჯ ფლოიდის საქმეზე მინესოტაში), თავის დასკვნები ეპშტეინის ძმის, მარკ ეპშტეინის მიერ მიწოდებულ ფაილებსა და ფოტოებზე დააფუძნა.
ექსპერტს უშუალოდ გვამი არ უნახავს, თუმცა აცხადებს, რომ მისი ანალიზი სრულიად დამოუკიდებელია და მარკ ეპშტეინისგან მას ჰონორარი არ მიუღია. მისი კვლევა სამეცნიერო რეცენზირების ეტაპზე ჯერ არ გასულა.
ფრიმანის თქმით, ეპშტეინის სხეულზე შეიმჩნევა დაზიანებები, რომლებიც თავდასხმაზე მიუთითებს: მათ შორის ღრმა სისხლჩაქცევა მარცხენა მხარზე და დაზიანებები სახის არეში დარტყმის კვალის მსგავსად. იგი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები ყველაზე მეტად შეესაბამება მარყუჟით დახრჩობას, რის შემდეგაც იგივე მარყუჟი სავარაუდოდ გამოიყენეს სხეულის ორსართულიან საწოლზე დასაკიდებლად.
ექსპერტის თქმით, ეპშტეინის კისერზე მარყუჟის კვალის ზემოთ შეიმჩნევა ფრჩხილების ნაკაწრები, რაც დახრჩობისთვის არის დამახასიათებელი, განსაკუთრებით ზურგიდან თავდასხმისას, როდესაც მსხვერპლი ცდილობს მარყუჟის მოცილებას.
“დაზიანებები და ის მდგომარეობა, როგორშიც გვამი იპოვეს, ერთმანეთს არ ემთხვევა. რჩება მხოლოდ ერთი ახსნა: სიკვდილი მკვლელობის შედეგი იყო“, - აცხადებს ფრიმანი.
ჯეფრი ეპშტეინი 2019 წლის 10 აგვისტოს ნიუ-იორკის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, სადაც იგი სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლოს ელოდებოდა. 2019 წელს ჩატარებული გაკვეთის შემდეგ, ნიუ-იორკის მთავარმა სამედიცინო ექსპერტმა, დოქტორმა ბარბარა სამპსონმა დაასკვნა, რომ დაზიანებები ემთხვეოდა ჩამოხრჩობით თვითმკვლელობას და არ არსებობდა თავდაცვითი დაზიანებები, რაც მკვლელობის დროს იქნებოდა მოსალოდნელი.
იხილეთ ასევე: