ავტორი:

კიბერშეტევა 178 მსხვილ ვებგვერდზე, მათ შორის CNN-სა და Zoom-ზე - ჰაკერებმა iPhone-ების დაინფიცირება და კრიპტოვალუტის მოპარვა სცადეს: დეტალები

კიბერშეტევა 178 მსხვილ ვებგვერდზე, მათ შორის CNN-სა და Zoom-ზე - ჰაკერებმა iPhone-ების დაინფიცირება და კრიპტოვალუტის მოპარვა სცადეს: დეტალები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებს, მათ შორის Zoom-ს, HSBC-ს, Equifax-ს, CNN-ს, Salesforce-სა და IKEA-ს, მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს. უსაფრთხოების ექსპერტების ცნობით, ჰაკერების მიზანი კრიპტოვალუტის მოპარვა და iPhone-ების მავნე კოდით დაინფიცირება იყო.

უსაფრთხოების მკვლევარ სკოტ ჰელმის ცნობით, ჰაკერებმა მავნე JavaScript კოდი ვებგვერდების ოპტიმიზაციის პლატფორმა Optimizely-ს მეშვეობით 178 სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციის ვებგვერდის ვიზიტორებისკენ მიმართეს. თავდამსხმელები ცდილობდნენ კრიპტოვალუტის გადახდის მისამართები საკუთარი საფულეების მისამართებით შეეცვალათ, მომხმარებლების მიერ შეყვანილი საკრედიტო ბარათების ნომრები მოეპარათ, მიეთვისებინათ Cookie ფაილები, ეკრანის ანაბეჭდები (სქრინშოტები) და iOS მოწყობილობებზე (iPhone) მავნე კოდი ჩაენერგათ.

სკოტ ჰელმი თავის ბლოგში თავდასხმის მასშტაბსა და საფრთხეზე წერს და აღნიშნავს, რომ ჰაკერებს თითქმის ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, რაც კი მოუნდებოდათ.

“ერთადერთი, რაც მათ აკავებდათ, მათივე ფანტაზია და შესაბამისი JavaScript კოდის დაწერის უნარი იყო“, - განაცხადა ჰელმმა, რომელიც ასევე ასწავლის ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვის უნარებს.

მისივე თქმით, ჰაკერებმა უბრალოდ არ გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა უფრო მძიმე ზიანის მიყენებისთვის. მკვლევრის მიერ შემოწმებული ტრანზაქციები ადასტურებს, რომ ჰაკერებმა გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტის მოპარვა მაინც შეძლეს.

ჰელმის განცხადებით, მავნე კოდის უმეტესი ნაწილი ამჟამად უკვე წაშლილია.

წყარო