ფერმენტირება, მოხარშვა თუ ლიმონის წვენის დამატება - როდესაც საქმე ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას ეხება, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ რას ვჭამთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ვამზადებთ და მივირთმევთ საკვებს.
ბავშვობაში ბევრს სჯეროდა, რომ ისპანახის დიდი რაოდენობით მიღება ადამიანს აძლიერებდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისპანახი უჯრედისითა და რკინით მდიდარია, უმი ისპანახიდან ორგანიზმი რკინას თითქმის ვერ ითვისებს.
მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი რკინის დეფიციტს განიცდის. რკინის დეფიციტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კვებითი ნაკლოვანებაა, განსაკუთრებით ბავშვებსა და რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე და ქოშინი ორგანიზმში რკინის დაბალი დონის ძირითადი ნიშნებია, რადგან ეს ელემენტი ჰემოგლობინის - ცილის წარმოქმნას უწყობს ხელს, რომელსაც ჟანგბადი მთელ სხეულში გადააქვს.
ინგლისის უნივერსიტეტის მინერალური მეტაბოლიზმის პროფესორი სუზან ფეარვეზერ-ტეიტი აღნიშნავს, რომ ანემიის პრევენციისთვის საუკეთესო გზა სწორი რაციონის შერჩევაა. არსებობს რკინის ორი ფორმა: ჰემური (რომელსაც ხორცი და ზღვის პროდუქტები შეიცავს) და არაჰემური (რომელიც მცენარეულ საკვებში გვხვდება).
ლონდონის მეფის კოლეჯის მკვლევარი ემისი ლატუნდე-დადა განმარტავს, რომ წითელ ხორცზე უარის თქმამ შესაძლოა რკინის დეფიციტი გამოიწვიოს, თუ იგი სხვა ალტერნატივებით არ ჩანაცვლდა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) რეკომენდაციით, რკინის დღიური ნორმა შეადგენს:
1. მწვანილის ნაწილი მოხარშეთ, ნაწილი კი ორთქლზე მოამზადეთ
საკვების მომზადების წესი პირდაპირ მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომი გახდება რკინა ორგანიზმისთვის. ისპანახი და ჭარხლის ფოთლები შეიცავენ ნაერთებს - ოქსალატებს, რომლებიც რკინას ებმებიან და შეწოვას ბლოკავენ. თუმცა, ამ ბოსტნეულის მოხარშვისას ოქსალატები წყალში გამოდის, რის შედეგადაც რკინის ათვისება იზრდება.
სხვა მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა სალათის ფურცლები, მაგალითად კომბოსტო, ოქსალატების მაღალი შემცველობით არ გამოირჩევა. მათი უმად ან ორთქლზე მომზადებული სახით მიღება ინარჩუნებს C ვიტამინს, რაც თავის მხრივ რკინის შეწოვას უწყობს ხელს.
2. შეახამეთ რკინით მდიდარი საკვები C ვიტამინთან
კვლევებმა აჩვენა, რომ რაციონში C ვიტამინის დამატება რკინის ათვისებას საგრძნობლად ზრდის. C ვიტამინი მცენარეული წყაროებიდან რკინის შეწოვის ძლიერი კატალიზატორია. რკინით მდიდარ საკვებს შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი ან საუზმეზე მიირთვათ მცირე ჭიქა ფორთოხლის წვენი.
3. გამოიყენეთ ფერმენტირებული პროდუქტები
ფერმენტაცია ეხმარება ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში, რადგან იგი შლის ფიტინის მჟავას. ფიტინის მჟავა ბუნებრივად გვხვდება მარცვლეულში, თხილეულსა და თესლში და იგი აფერხებს რკინის შეწოვას. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი პურის ჩანაცვლება ცომზე გამომცხვარი პურით რკინის ათვისებას აუმჯობესებს.
4. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ფორტიფიცირებულ პროდუქტებს
მრავალი ყოველდღიური პროდუქტი, მათ შორის პური და საუზმის ფანტელები, ხელოვნურად არის გამდიდრებული რკინით. თუმცა, მწარმოებლები ხშირად იყენებენ რკინის ნაკლებად ათვისებად ფორმებს, რათა პროდუქტის გემო, ფერი და შენახვის ვადა არ შეიცვალოს.
პროფესორი ფეარვეზერ-ტეიტი აღნიშნავს, რომ ფორტიფიცირებული პროდუქტების უმეტესობიდან ორგანიზმი რკინას ეფექტურად ვერ ითვისებს. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საბავშვო ფანტელებიდან რკინის ათვისება ძალიან დაბალია და 0.6-დან 2.2%-მდე მერყეობს, ხოლო უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილის პურიდან ათვისებამ 13.6%-ს მიაღწია.
რკინის შემცველობა 100 გრამ პროდუქტში:
5. მიაქციეთ ყურადღება, რას სვამთ ჭამის დროს
სითხე, რომელსაც ჭამის დროს ვიღებთ, პირდაპირ მოქმედებს რკინის შეწოვაზე. პოლიფენოლები, ტანინები, უჯრედისი და ფიტატები ამცირებენ რკინის ათვისებას. ჩაი და ყავა დიდი რაოდენობით შეიცავს ტანინებსა და პოლიფენოლებს, რის გამოც მათი მიღება ჭამის დროს რკინის შეწოას აფერხებს. პროფესორი ფეარვეზერ-ტეიტი გვირჩევს, რომ ჩაი ან ყავა საკვების მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ დავლიოთ.