ავტორი:

“მოხდა ხელით შეხება, ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ“ - მშობლის განცხადებით, საყდრიონის საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა: მან პოლიციას მიმართა

“მოხდა ხელით შეხება, ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ“ - მშობლის განცხადებით, საყდრიონის საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა: მან პოლიციას მიმართა

“წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ ორმა მშობელმა პოლიციას განცხადებით მიმართა“,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს და წერს, რომ მათ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ლია ჩოგაძემ მიმართა.

  • მშობლების თქმით, ბაღში ბავშვების მიმართ სავარაუდოდ ფიზიკურ ძალას იყენებდნენ, ძილის დროს ბავშვებს სახეზე ბალიშს ადებენ, უხეშად ეპყრობოდნენ და დასჯის მეთოდად მათ სხვა ბავშვებისგან იზოლირებასაც მიმართავდნენ.

“საბავშვო ბაღში მოხდა ხელით შეხება ბავშვზე. ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ და ისე აძინებენ. ხდება დასჯის მეთოდების გამოყენება ბავშვების კუთხეში დაყენებით და იზოლირებით, რომ სხვამ აღარ უნდა ეთამაშო, გაირიყოს და ასე შემდეგ.

განვაცხადეთ ბაღების გაერთიანებულ სააგენტოში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ რეაგირების ნაცვლად უკუშეტევაზე წამოვიდნენ,“ - აცხადებს გამოცემასთან ერთ-ერთი მშობელი.

TOK2Region-ის ინფორმაციით, წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მელსიდა მეზიროვას თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს და მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით დეტალებზე კი არ საუბრობს.

რაც შეეხება უშუალოდ სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღს, ამ ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე მომხდარს ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ ამ გზით, მისი ადგილის დაკავება სურთ.