ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა.
მეტოქე უკვე 53-ე წამზე დაწინაურდა, როდესაც დავითაშვილის არაზუსტი გადაცემის შედეგად ბურთს სიკანი დაეუფლა და შორიდან გაუტანა მამარდაშვილს. ჩვენმა გუნდმა მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერია და იქით გადავიდა იერიშებზე - უპირატესად მარცხენა ფლანგიდან, საიდანაც კვერნაძე ცდილობდა თამაშის გამწვავებას. ზედიზედ რვაჯერ ჩააწოდეს კუთხური, ქოჩორაშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა იქამდე ლოჩოშვილზე ჯარიმა დაფიქსირდა. შემდეგ მიქაუტაძის დარტყმული მეკარე რიზნიკმა მოიგერია, კვერნაძის კი აიღო და პირველი ტაიმი დასრულდა.
შესვენების შემდეგ მატჩის სურათი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, თუმცა შეტევები ფუჭი იყო და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ დავითაშვილი ზივზივაძით შეცვალა. შეხვედრა ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, კაკაბაძეს გატანა რიზნიკმა არ გატანინა, სარაპიის მამარდაშვილმა. კომპენსირებულ დროში მსაჯმა ლოჩოშვილი გააძევა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა და წავაგეთ.
„ჯვაროსნებმა“ მეორე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად D ლიგის ერთ-ერთი ჯგუფის მეორეადგილოსანთან მოუწევთ ბრძოლა.
საქართველოს ნაკრები ყველა ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ტურნირზე გოლი არ გაუტანია.
ჩვენს გუნდს ბოლოს გოლი ოფიციალურ ტურნირზე 2025 წლის 18 ნოემბერს ბულგარეთთან გასვლაზე აქვს გატანილი (1:2, ლოჩოშვილი), გამარჯვება კი 2025 წლის 7 სექტემბერს იმავე ბულგარეთთან სახლში (3:0, კვარაცხელია, ნ. გაგნიძე, მიქაუტაძე) მოპოვებული.