ავტორი:

მასშტაბური ავიაკატასტროფა რუსეთში - სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი დაიღუპა: რა გახდა მიზეზი

მასშტაბური ავიაკატასტროფა რუსეთში - სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი დაიღუპა: რა გახდა მიზეზი

რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი დაიღუპა.

  • ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

უწყების ინფორმაციით, An-12 ტიპის თვითმფრინავი კემეროვოს რეგიონში, დაგეგმილი ფრენის დროს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ადგილობრივი გუბერნატორის, ილია სერედიუკის განცხადებით, ავიაკატასტროფა სოფელ იაგუნოვოს მახლობლად მოხდა. მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე გაჩენილი ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს, ტერიტორია კი პოლიციამ შემოსაზღვრა.

სერედიუკმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ ამოწმებენ მეხანძრეები ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებს. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანაც იყო მობილიზებული.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მომენტია ასახული: ცაზე მანათობელი ობიექტის ვარდნას ძლიერი აფეთქება მოჰყვა, რომელმაც ცა გაანათა. თუმცა, შემთხვევის ადგილი კამერის ხედვის არეალიდან საკმაოდ შორს იყო.

  • ამ დროისთვის უცნობია, გადაჰქონდა თუ არა თვითმფრინავს რაიმე სახის ტვირთი.

An-12 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთის სამხედრო ძალები აქტიურად იყენებენ იარაღისა და სამხედრო პერსონალის გადასაზიდად, ასევე სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად.

წყარო