A’STUDIO-ს სოლისტი ქეთა თოფურია სარესტორნო ბიზნესში განცდილი მარცხის მიუხედავად, ბედს კვლავ სცდის. მომღერალი მოსკოვის ცენტრში იტალიურ რესტორანს, GEMINI-ს ხსნის, რომლის მთავარი მფლობელიც თავად არის. როგორც ქეთა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, ამ იდეაზე წლების განმავლობაში ფიქრობდა და სურდა შეექმნა ადგილი, სადაც თავადაც სიამოვნებით დაბრუნდებოდა.
"იტალიელები და ქართველები საოცრად ვგავართ ერთმანეთს მთავარში - სტუმართმოყვარეობაში. ჩვენთან სტუმარი თითქმის წმინდა სიტყვაა. მას ისე ხვდებიან, თითქოს შორიდან ჩამოვიდა და მთელი ცხოვრება ელოდნენ. სუფრა მხოლოდ საჭმელი არ არის, ეს საუბარი, პატივისცემა და გულუხვობაა. იტალიაშიც იგივეა: სუფრასთან ისე გსვამენ, როგორც ახლობელ ადამიანს, ღვინოს გისხამენ, საუკეთესო კერძებს გთავაზობენ და ცდილობენ, რომ დანაყრებული და ბედნიერი წახვიდე. ამიტომ იტალიური სუფრის კულტურა უცხო არ არის - ის ქართული გაგებით თბილია“, - ამბობს ქეთა ინტერვიუში.
მომღერლის თქმით, რესტორნის გახსნის გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიუღია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მოგზაურობისას, კერძსა და გარემოს აკვირდებოდა, იდეას კი თანდათან აყალიბებდა. საბოლოოდ, ყველაფერი მაშინ დაემთხვა ერთმანეთს, როდესაც შესაბამისი ადგილი, გუნდი და პარტნიორები გამოჩნდნენ.

"მე არ ვარ რესტორატორი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს პირდაპირ ვთქვა. სამზარეულოში არ შევდივარ და შეფმზარეულს არ ვეუბნები, როგორ მოამზადოს კერძი. ჩემი როლი იდეა, გემოვნება, ატმოსფერო და პროფესიონალებთან პარტნიორობაა. ამასთან, GEMINI ჩემი პროექტია და პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, როგორი გამოვა ის“, - ამბობს ქეთა.
რესტორნის კონცეფციაზე თავად ევგენი კუზინთან ერთად მუშაობდა, ინტერიერის დიზაინი კი იტალიელ ტერეზა ფორტინის ეკუთვნის. ქეთას სურს, GEMINI ისეთი ადგილი იყოს, სადაც ადამიანები მხოლოდ სადილისთვის ან ფოტოების გადასაღებად კი არ მივლენ, არამედ დიდხანს დარჩებიან, ისაუბრებენ და საღამოს სასიამოვნო მოგონებებით დაასრულებენ.
"ჩემთვის მთავარია, ადამიანებმა ისეთი შეგრძნებით დატოვონ რესტორანი, რომ დრო კარგად გაატარეს. არა უბრალოდ გადაიღეს ფოტო და წავიდნენ, არამედ საღამო ისიამოვნეს“, - აღნიშნავს მომღერალი.
როგოც ცნობილია, GEMINI მოსკოვის ცენტრში, სავვინსკაიას სანაპიროზე, ნოემბერში უნდა გაიხსნას.
ქეთა თოფურიას ახალი რესტორნის გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსული მედია მისი ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობაზე წერდა. საინფორმაციო პლატფორმა SHOT-ის ინფორმაციით, მომღერლის კომპანია "Lavr“-მა 2025 წელს საქმიანობა 80 მილიონი რუბლის, დაახლოებით 903 ათასი დოლარის ზარალით დაასრულა.
კომპანია 2024 წლის ივლისში დარეგისტრირდა. იმავე წლის ნოემბერში ქეთამ მისი წილის 62,5% შეიძინა და მთავარ მფლობელად იქცა. იმ დროისთვის კომპანიის საქმიანობა ჯერ არ იყო დაწყებული, მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რუსული მედიის ცნობით, სწორედ ამ სივრცეში იგეგმებოდა რესტორნისა და ღამის კლუბის გახსნა. თუმცა კომპანიამ ისე დაასრულა საქმიანობა, რომ ბიზნესი არც კი ამოქმედებულა.
ასევე წაიკითხეთ: