საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"საბურთალოს რაიონში, დღეს გამთენიისას, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ის 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე, მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.