ამერიკელმა მილიარდერმა და Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ იგი “აქტიურად იყო ჩართული“ 007-ის როლზე ბრიტანელი მსახიობის, რობერტ პატინსონის შერჩევისა და დამტკიცების პროცესში.
კალიფორნიაში, Semafor-ის ფორუმზე (“Silicon Valley & The World Event“) სიტყვით გამოსვლისას, ჯეფ ბეზოსმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად პატინსონის კანდიდატურის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან იგი უკვე ძალიან ცნობილი მსახიობია ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა “ბატმანი“ და “ბინდის“ საგა.
007-ის როლს ტრადიციულად ნაკლებად ცნობილ მსახიობებს ანიჭებდნენ, თუმცა ეკრანული სინჯების შემდეგ ბეზოსისთვის სრულიად აშკარა გახდა, რომ პატინსონი ნამდვილი ჯეიმს ბონდია.
ეს იქნება 007-ის სერიის პირველი ფილმი, რომელიც ბროკოლების ოჯახის შემოქმედებითი კონტროლის გარეშე შეიქმნება. აღნიშნული ოჯახი ფრანშიზას 1962 წლიდან, პირველივე სურათიდან ხელმძღვანელობდა. 2022 წელს Amazon-მა შეისყიდა სტუდია MGM, რომელიც ფრანშიზის თანამფლობელია.

პატინსონი ითამაშებს ბონდიანას რიგით 26-ე ფილმში, რომლის ეკრანებზე გამოსვლაც 2028 წელს იგეგმება.
“ჯეიმს ბონდი კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული პერსონაჟია, ხოლო 007-ის როლის ნდობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივია“, - ნათქვამია პატინსონის ოფიციალურ განცხადებაში.
ფილმს ცნობილი რეჟისორი დენი ვილნევი გადაიღებს, თუმცა სურათის ოფიციალური დასახელება და გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.