ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აზიურ-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შენჟენის აეროპორტში პირადად უმასპინძლა. წითელ ხალიჩაზე ლიდერების გადახვევა ისტორიული სამმხრივი შეხვედრის წინ მოხდა, სადაც ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან.



აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შენჟენში ფილიპინებიდან ჩაფრინდა, სადაც იგი მანამდე აზიის სხვა ლიდერებს შეხვდა.
შენჟენ ბაოანის საერთაშორისო აეროპორტში ტრამპის თვითმფრინავის დაფრენის შემდეგ, წითელ ხალიჩაზე მას პირადად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეეგება და გადაეხვია. ეს ითვლება პირველ შემთხვევად, როდესაც სი ძინპინმა პრეზიდენტის რანგში უცხოელი ლიდერი უშუალოდ აეროპორტში მიიღო.
ეს ნაბიჯი პასუხია ვაშინგტონში ტრამპის მიერ გაკეთებულ ჟესტზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვედრით უმასპინძლა. ექსპერტთა შეფასებით, ჩინეთის ლიდერმა იცის თუ რამხელა ყურადღებას აქცევს ტრამპი ცერემონიალებს, რის გამოც ამ დიპლომატიური სვლით სურს შეარბილოს მოლაპარაკებების ატმოსფერო ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და ტაივანის საკითხებზე.

ტრამპის ჩასვლამდე სი ძინპინმა უკვე უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელსაც “ძველი მეგობარი“ უწოდა. ჩინეთის ლიდერის თქმით, პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები “მთასავით მტკიცეა და ქარიშხლები ვერ შეარყევს“.
ხუთშაბათს დაგეგმილია ისტორიული სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, რომელიც შენჟენში მდებარე სახელმწიფო რეზიდენცია “Kylin Villa“-ში გაიმართება.

კრემლის წარმომადგენელ იური უშაკოვის ცნობით, ტრამპი და პუტინი სამიტის მსვლელობისას რამდენჯერმე შეხვდებიან ერთმანეთს, როგორც ოფიციალურ სესიებზე, ისე გალა-ვახშამზე. ექსპერტთა განმარტებით, შეხვედრისთვის არაფორმალური გარემოს შერჩევა ამცირებს პოლიტიკურ ფასს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით არ დასრულდება.