ხათუნა ჟორდანიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, განსაკუთრებით, მძაფრად განიცდის მისი შვილის, ნინი მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარებს.
"გაბრაზებულზე მაქვს ხოლმე სურვილი, რომ დიდი სტატუსი მივუძღვნა და, თუ მათ არ რცხვენიათ, მათი ქმრები, ძმები და შვილები შევარცხვენო იმით, რასაც ეს დედაკაცები აკეთებენ. სადღაც ჩემი ფოტო დაიდო და: "რით არ ჩაძაღლდა ეს ქალი?“ - წერენ. ამ დროს მე გავდივარ ყველაზე მძიმე ეტაპს, ალბათ ყველაზე მძიმეს ჩემს ცხოვრებაში, დღევანდელი გადმოსახედიდან - ქიმიოთერაპიებს.
განსაკუთრებით იმ პერიოდში მქონდა მოზღვავებული ენერგია იმისი, რომ ჩემსავით ონკოპაციენტებისთვის იმედი მიმეცა. სინამდვილეში ყველა ონკოპაციენტმა იცის, რომ არც გვეცეკვება და არც ეს ვიდეოები სულ არ მეხალისებოდა, რომ გადამეღო, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ როდესაც ონკოპაციენტი ხდები, თითქოს ყველა ონკოპაციენტი არის შენი მეგობარი და შენი ნათესავი. ისე გულშემატკივრობ, ისე გულით გინდა, რომ თუ შენ გაგიუმჯობესდა მდგომარეობა, აი, იქიდანაც გაიგო, რომ კი, მეც უკეთესად ვარო, და აბა, გავამხნეოთ ერთმანეთი და ასე შემდეგ.
სასტიკ დღეებს მაყრიან. ჭკუიდან გადავყავარ. მტკივა ისე და, აი, გული მეწვის. არა იმიტომ, რომ მე დედა ვარ და სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში. არამედ, უსამართლობის მიმართ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი, როგორც იცით, პოლიტიკური ფაქტორია და ამის გულისთვის შეუძლიათ ადამიანებს ყელი გამოგჭრან. პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. იმ კომენტარებმა და იმ ბულინგმა, რაც ჩემი შვილის მიმართ იყო, კიბო დაამართა-მეთქი. ისე ვნერვიულობდი. ენა ვერ გაიმეორებს იმას, რასაც ჩემს შვილს უშვრებოდნენ. ნინი არის ისეთი ტიპი, რომ მე არ მაძლევდა ამის უფლებას, თორემ მე რომ დავწვებოდი, თვალს აღარ გავახელდი. რომ აი, ეს ყველაფერი გასულიყო და მერე გამეხილა თვალი. ერთია, შენ რომ გაყენებენ შეურაცხყოფას, მაგრამ ძალიან რთული არის, შენს შვილს, შენს ოჯახს რომ მიწვდებიან. ვერ გაიმეორებ ისეთ რამეებს, კადრულობენ და წერენ", - განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.