ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენლის, კაია კალასის განცხადება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირს სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა ჰქონდეს, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, უადგილოა და რეალური ვითარების დამახინჯებულ აღქმას ეფუძნება.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებულია რუსეთის ფედერაციისა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ. ეს ფაქტია, რომლის იგნორირებაც საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია საქართველოს პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ ჩვენი აღიარება პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გადაიდგა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისკენ სწრაფვას ასახავს”, - აცხადებენ ე.წ. “სამინისტროში”.
მათი მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის შეთანხმების პირობებთან დაკავშირების მცდელობა, ისევე როგორც “რესპუბლიკის” მიმართ ტერმინის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - გამოყენება, მიუღებელია.
“სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას და გაფართოებას, მათ შორის სირიასთან, საქართველოს მხრიდან ამ პროცესისადმი სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად”, - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.
ე.წ. უწყებამ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შეფასებისას “უფრო გაწონასწორებული და ობიექტური მიდგომა გამოიჩინოს და უარი თქვას პოლიტიკური შანტაჟისა და სხვა ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების გადასინჯვის მცდელობებზე”.