ავტორი:

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფა-ს "ერთა ლიგაზე” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, "ერთა ლიგის“ გათამაშებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ბრძოლა იმედგაცრუებით დასრულდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ასეთ დროს ვლინდება, რამდენად შეგვიძლია რეალობისთვის თვალის გასწორება, შეცდომების აღიარება და უფრო მეტის მოთხოვნა.

როგორც კობიაშვილი ამბობს, წარუმატებლობის მიზეზების სხვებში ძიება ყველაზე მარტივი გზაა, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს. მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარი ვალდებულება სრულად შეასრულა, როცა საერთო მიზანს ვერ მივაღწიეთ. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, დროა, საქმით დავამტკიცოთ, რომ შედეგის შეცვლა შეგვიძლია

ის გამოთქვამს სურვილს,რომ ახალი სანაკრებო ციკლიდან გუნდი შეძლებს "დაკარგული ემოციების, ნდობისა და იმ განსაკუთრებული სიამაყის დაბრუნებას“.

კობიაშვილის განცხადებით, გულშემატკივარს აქვს უფლება, ელოდოს მეტს და იამაყოს ნაკრებით, ფედერაციას კი აქვს პასუხისმგებლობა, გავამართლოთ ეს მოლოდინი.

“უეფას ერთა ლიგის ბოლო გათამაშება დიდი იმედგაცრუებით დასრულდა. გულდაწყვეტილი დარჩა თითოეული გულშემატკივარი, ვისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. ეს არის ემოცია, ერთიანობა და ხშირად ის განსაკუთრებული იმედი, რომელიც მთელი ქვეყნის განწყობას განსაზღვრავს.

იმედგაცრუებული ვართ ყველა, ვისაც ამ ბრძოლაში სხვა შედეგის იმედი ჰქონდა, ვისაც სჯეროდა, რომ ჩვენი გუნდი გაცილებით მეტს შეძლებდა და ამ გათამაშებას სხვაგვარი დასასრული ექნებოდა. ყველაზე რთული სწორედ ის არის, რომ ამ მოლოდინს საფუძველი ჰქონდა. სულ ცოტა ხნის წინ ამავე გუნდმა გვაჩვენა, რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს და რამდენად დიდი ემოციების ჩუქება შეუძლია საკუთარი ქვეყნისთვის.

ფეხბურთს ახლავს რთული პერიოდები და ეს ჩვენი რეალობისთვის უცხო არ არის. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ასეთ დროს ვლინდება, რამდენად შეგვიძლია რეალობისთვის თვალის გასწორება, შეცდომების აღიარება და საკუთარი თავისგან უფრო მეტის მოთხოვნა. წარუმატებლობის მიზეზების სხვებში ძიება ყველაზე მარტივი გზაა, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს.

პირადად ჩემთვის ეს შედეგი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სწორედ ამ გუნდის უმრავლესობა სულ ცოტა ხნის წინ იყო იმ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილე, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გვაჩუქეს დაუვიწყარი ემოციები, სიამაყის განცდა და რწმენა იმისა, რომ ერთად შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი იმედგაცრუება კიდევ უფრო მძიმე. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია ამ გუნდს და გვჯერა, რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლო შედეგებმა გვაჩვენა.

ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა, სწორი დამოკიდებულება, შეუპოვრობა, ყოველდღიური შრომა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი. გუნდურ წარმატებას თითოეული ადამიანის წვლილი ქმნის და როდესაც შედეგი არ მოდის, ყველამ უნდა შევძლოთ საკუთარ თავში იმ მიზეზების დანახვა, რომელთა შეცვლაც ჩვენს ძალებშია.

არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარი ვალდებულება სრულად შეასრულა, როდესაც საერთო მიზანს ვერ მივაღწიეთ. სწორედ ახლაა დრო, საკუთარ თავს ყველაზე რთული კითხვები დავუსვათ, ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ, რომ ამ შედეგის შეცვლა ერთად შეგვიძლია.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა შეძლოს ამ მარცხის ღირსეულად მიღება, ტკივილის სწორ მოტივაციად გარდაქმნა და ახალი ენერგიით დაბრუნება. უნდა დავივიწყოთ წარუმატებლობა, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ პერიოდმა მოგვცა. მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხბურთისგან მიღებული ყველაზე დიდი სიამოვნება მხოლოდ გამარჯვება არ არის — ეს არის გზა, რომელსაც ერთად გავდივართ, ბრძოლა, რომელსაც საერთო მიზნისთვის ვაგრძელებთ, და სიამაყე, რომელსაც საკუთარი ქვეყნის სახელით გვანიჭებს თითოეული წარმატება. ამ გზაზე ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მაღლა ყოველთვის უნდა იდგეს გუნდი, საერთო პასუხისმგებლობა და ერთმანეთისთვის ბოლომდე ბრძოლის მზადყოფნა.

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მაისურის მთავარი გზავნილი — "ძალა ჩემშია“ და ის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ სლოგანი არ არის და მთელი ქვეყნის ერთიანობას გამოხატავს — "მე ვარ საქართველო“. ამ სიტყვების მნიშვნელობა ყოველდღიურ დამოკიდებულებაში, ერთმანეთის მხარდაჭერასა და საერთო მიზნისთვის თავდადებაში უნდა გამოიხატებოდეს.

მინდა და მჯერა, რომ ახალი სანაკრებო ციკლიდან ჩვენი გუნდი შეძლებს დაკარგული ემოციების, ნდობისა და იმ განსაკუთრებული სიამაყის დაბრუნებას, რომელიც ასე ახლოს გვქონდა. გვჯერა ამ გუნდის, მაგრამ ამ რწმენას უნდა მოჰყვეს რეალური ცვლილებები, დაუღალავი შრომა და შედეგი. ჩვენი მიზანი მხოლოდ წარსული წარმატებების გახსენება არ უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება ახალი წარმატებები და ახალი საფეხბურთო ზეიმი.

მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც როგორც საქართველოს სტადიონებზე, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა სტადიონის ტრიბუნებზე დაუღალავად და ერთგულად ქომაგობენ საკუთარი ქვეყნის ნაკრებს.

გულშემატკივარს აქვს უფლება, ელოდოს მეტს და იამაყოს თავისი ნაკრებით. ჩვენ კი გვაქვს პასუხისმგებლობა, გავამართლოთ ეს მოლოდინი.

წინ ახალი სანაკრებო ციკლია, ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით. მჯერა, რომ ამ გუნდს კიდევ შეუძლია მთელი საქართველოს გაერთიანება ერთი დიდი მიზნის გარშემო — ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი საფეხბურთო ისტორიის შექმნა.

ჩვენმა გუნდმა იცის, რა შეუძლია. ახლა მთავარია, ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ”, - წერს კობიაშვილი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2026/27 წლების უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი ბოლო, მე-4 ადგილზე (2 ქულით) დაასრულა. გუნდმა ექვს შეხვედრაში ორი ფრე ითამაშა, ოთხი მატჩი წააგო და ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა.