ავტორი:

"ამის ამოქმედება ჩვენთან ხვალვე შეიძლება" - 5 რამ, რაც თბილისში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გაკეთდეს: მევლუდ მელაძის რეკომენდაციები

"ამის ამოქმედება ჩვენთან ხვალვე შეიძლება" - 5 რამ, რაც თბილისში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გაკეთდეს: მევლუდ მელაძის რეკომენდაციები

საცობი და გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი რახანია თბილისის მოუგვარებელი და მტკივნეული პრობლემა გახდა. მაინც რა ქმნის გაუსაძლის საცობებს და დედაქალაქის ქუჩებში მოხშირებული სატრანსპორტო კოლაფსი რეალურად უკავშირდება თუ არა ჭარბ მანქანებს (როგორც ამას მერი კალაძე ამბობს), თუ, როგორც სპეციალისტები ხსნიან, ეს არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია?

  • ფაქტია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ვერაფრით ეწევა ქაოსურ სამშენებლო ბუმს (ცათამბჯენები, მჭიდრო განაშენიანება და სხვა), რაც მართლაც წარმოშობს ავტომობილების ჭარბ რაოდენობას და აუარესებს ქალაქში არსებულ მდგომარეობას.

"მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობების გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს. ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს ცხადია მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 948 ათასს აღწევს. ცხრა წელიწადში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაორმაგდა. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია.

დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნესსაქმიანობისთვის, მომსახურების მისაღებად. ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის. არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, "ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ.

თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ. ათწლეულების განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა ძირითადად კერძო ავტომობილებზე იყო მორგებული. თუმცა საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

  • შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დედაქალაქში არსებული საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთ შესაძლებელ ალტერნატივად (რომელიც საბერძნეთში შემოიღეს და არ გაამართლა) კენტი და ლუწი სანომრე ნიშნების მიხედვით ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა დაასახელა - კვირის სხვადასხვა დღეს მოძრაობის უფლება ექნებათ მხოლოდ კენტი, ან ლუწი ნომრის მქონე ავტომობილებს.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სატრანსპორტო გამოწვევებისა და საცობების მიზეზებზე გვესაუბრება და ამ უმტკივნეულესი პრობლემის მოგვარების გზებს გვთავაზობს.

- დაგვისახელოთ ის მიზეზები, რაც საცობებს წარმოქმნის და დედაქალაქში გადაადგილებას გაუსაძლისს ხდის. უკავშირდება თუ არა ეს ჭარბმანქანიანობას, როგორც ამას კალაძე აცხადებს, თუ ყველაფერი არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია?

- ცოტა მეცინება ხოლმე ამ შეკითხვაზე და აგიხსნით რატომ. ჭარბმანქანიანობა იმ ეპოქაში შეიქმნა, რომელ ეპოქაშიც ქალაქის სათავეში თავიდან ბოლომდე ეს ხელმძღვანელობა იყო.

წლების წინ მერიაში მწვავედ ვიკამათეთ ამ საკითხზე. გაშმაგებული ვამტკიცებდი, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდებოდა, არ შეიძლებოდა დედაქალაქის სიმაღლეში წასვლა და შემჭიდროება (მითუმეტეს ამ ტემპით და თან საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე). მერიის გეგმაში მაშინ ავტომობილების რაოდენობის ზრდა კი არა, განახევრება იყო, თან იმ ფონზე, რომ პარალელურად ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ნაგებობები მომრავლდებოდა და აუცილებელი იქნებოდა ადეკვატური რაოდენობის საპარკინგე სივრცეები.

ჩემთვის მაშინვე ხილული იყო, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. პირველი, რაც გავაკეთე, ვიყიდე ორთვლიანი ტრანსპორტი და ვთქვი, რომ მომავალი იქნება ეს, ანუ რამდენიმე წელიწადში ქალაქი გაუვალი იქნება და ერთადერთი საშუალება, რითაც შეიძლება ადამიანმა გადაადგილება მოახერხოს, იქნება ორთვლიანი ტრანსპორტი. სავარაუდოდ, თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ეს ვერ იქნება ველოსიპედი, აღმართ-დაღმართია, ბევრი მტვერია ქვეყანაში, ზამთარში ძალიან ცივა, ზაფხულში - ძალიან ცხელა, ანუ ველოსიპედი კომფორტული მაინც არ არის.

შესაბამისად, მოპედები და მოტოციკლები იქნება ის საშუალება, რითაც შეიძლება გადაადგილდე. შეუძლებელია მოახერხო ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველას ეყოს, მეორეც - მოქნილი იყოს იმიტომ, რომ ჩვენი დედაქალაქი გეოგრაფიულად ისეა აწყობილი, რომ ურთულესია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა კუთხე-კუნჭულში მიიყვანო, თუ მიიყვან, ძალიან ბევრ დროს დახარჯავ.

მაშინ პროექტში თავიდან არ იყო წარმოდგენილი ის, რომ რაღაცა ჰაბებივით იქნებოდა, სადაც თავს მოიყრიდა შედარებით მცირე ზომის ტრანსპორტი და შემდეგ ადამიანები გადასხდებოდნენ მაგ. 18-მეტრიან ავტობუსებში. ანუ არ არსებობდა ამის მოწყობის რაიმე პრინციპი, ამიტომ მაშინვე ვთქვი, რომ თუ ქალაქი სიმაღლეში გაიზრდება (იქ ურბანისტებიც იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქალაქის სიგანეში გასვლა არასწორია, სიმაღლეში წასვლა - უფრო სწორი), ავტომატურად ამას მოჰყვება უფრო და უფრო მეტი ადამიანის კონცენტრირება უფრო და უფრო პატარა სივრცეში. ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში მოახერხებენ ბინის შეძენას, ან თუ ოფისები ექნებათ, მათ მინიმუმ ეყოლებათ ავტომობილი, რითაც მოუნდებათ გადაადგილება და ბუნებრივია, მათ ამის საშუალება ექნებათ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისინი ვერ გამოიყენებენ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია ერთ სამსახურში იმუშაო, დილას წახვიდე, საღამოს მოხვიდე და ერთი სამსახურით არჩინო ოჯახი. ადამიანებს უწევთ რამდენიმე სამსახურში მუშაობა, გადაადგილება... თან ძალიან მაღალია ქალაქის შიგნით ერთი უბნიდან მეორეში მიგრაცია, ჩვენ არ ვართ ევროპული მოდელის ქვეყანა, სადაც ადამიანები სახლებს აქირავებენ და სადაც მუშაობენ, იმ კონკრეტულ უბანში, სამსახურთან რაც შეიძლება ახლოს ქირაობენ ბინებს.

ეს ადამიანები წლების მანძილზე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობენ, ჩვენს შემთხვევაში სამსახურებიც ხშირად იცვლიან ადგილმდებარეობას და ადამიანებიც ძალიან ხშირად იცვლიან სამსახურებს, თან რამდენიმე სამსახურში უწევთ მუშაობა. შესაბამისად, მიგრაცია არის ძალიან დიდი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ჩვენ ერთ ადგილზე მიჩვეული ერი ვართ და სამსახურის გამო ბინას სხვაგან არ ვიქირავებთ იმიტომ, რომ ეს გარკვეულ პრობლემებთან და შეჩვევასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, სამუშაოზე წასვლა-მოსვლისთვის ძალიან დიდი მიგრაციაა, რაც პიკის საათებში საშინელ საცობებს ქმნის. რომელიმე კონკრეტული ქვეყნის როგორი მოდელიც არ უნდა ავიღოთ, ჩვენ თუ ჩვენს რეალობას არ მოვარგეთ, არაფერი გამოვა. წარმოიდგინეთ, ახალ მაღალსართულიან შენობას რამდენი ადამიანი და რამდენი ავტომანქანა ემატება? მაღალსართულიანი შენობებით გადაივსო ქალაქი, ხოლო ქუჩები დარჩა იგივე, ან უფრო შევიწროვდა, გაფართოება და მსგავსი რაღაცები არ გაკეთებულა, გამტარუნარიანობა იგივეა, ან - უარესი.

იმავე ილია თოფურიამ მოიყვანა მაგალითი, რომ მადრიდში არის კარგად გაკეთებული ჩქაროსნული შემოვლითი გზები, როცა შეგიძლია, სიტყვაზე, საბურთალოდან ორთაჭალაში რომ წახვიდე, ახვიდოდი ამ ჩქაროსნულ გზაზე, შემოუვლიდი და ჩამოხვიდოდი ორთაჭალაში. ჩვენთან ქალაქის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში რომ მიხვიდე, თითქმის მთელი ქალაქი, ანუ ყველა კვანძი უნდა გაიარო. ამ კვანძებს კი გამტარუნარიანობა ძალიან დაბალი აქვთ. წარმოიდგინეთ პეკინი, ვაჟა-ფშაველა, რუსთაველი რამსიგანე გზები იყო, სადაც თითო-ოროლა კინკილა მანქანა დადიოდა და მაშინაც კი გათვლა იყო იმაზე, რომ ქალაქი და მოსახლეობა გაიზრდება და ავტომობილები თუ მეტი იქნება, გზები როგორღაც უნდა მოერიოს. მივედით იქამდე, რომ უფრო სწრაფად წავიდა ქალაქის ცენტრის მშენებლობა. როცა ევროპული მაგალითები მოჰყავთ ხოლმე, მაგ. ავიღოთ ბერლინი, პარიზი, ლონდონი და ა.შ. სად შენდება ასე პანტაპუნტით ქალაქის ცენტრში მაღალსართულიანი სახლები? თითო-ოროლა თუ იქნება, ისიც, რაღაც ძალიან სპეციფიკური მოთხოვნით, ან სპეციალური ნებართვით, რათა უფრო და უფრო არ მოხდეს ქალაქის ჩახერგვა და გაჭედვა.

- ანუ შემჭიდროებული განაშენიანება არის მთავარი პრობლემა ჭარბმანქანიანობის...

- რა თქმა უნდა, ჭარბ განაშენიანებას მოჰყვება ჭარბმანქანიანობა და თუ ეს თავიდანვე ვიცოდით, მაშინ ჭარბ განაშენიანებაზე უნდა გვეთქვა უარი, ქალაქი რომ არ ჩახერგილიყო. ან თუ სწორი გათვლა იყო გაკეთებული, აუცილებლად შესაბამისი გზები უნდა დამატებოდა და როგორღაც გამტარუნარიანობა შენარჩუნებულიყო.

- მერმა ისიც ბრძანა, რომ საცობების განტვირთვას გზების და ესტაკადების დამატება და ქუჩების გაფართოება ვერ უშველის. მან ალტერნატივად დღეგამოშვებით ლუწი, ან კენტი სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების დაშვება შემოგვთავაზა. თქვენც იზიარებთ ამ ვერსიას?

- ახლახან საბერძნეთში ვიყავი, რომელსაც აქვს ყველაზე ძველი მოდელი - ათენს 1982 წლიდან აქვს ეს კენტები და ლუწები, მერე მოდიფიკაცია განიცადა, საღამოს 8-მდე ჩამოწიეს, მერე დილას გადაიტანეს, ანუ მთელი რებუსია, როდის შეუძლია გავლა და რაღაც სპეციალური ნებართვებიცაა საჭირო. ინსტიტუტებმა გააკეთეს კვლევები და დაასკვნეს, რომ კენტების და ლუწების შეზღუდვა გასაუქმებელია იმიტომ, რომ პირიქითა ეფექტი გამოიწვია, მათ შორის ის, რომ ადამიანებს ვისაც შანსი ჰქონდა, ორი მანქანა იყიდა, ანუ მანქანების რაოდენობამ კი არ დაიკლო, უფრო მოიმატა - იმ ხალხს, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება გადაადგილება, ყველაფერს იზამს ამისთვის და რაღაცას მოახერხებს.

ეს იდეა უკვე გამოცდილია და არ ივარგა, თან ამას ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება. ბევრი რეგულაციები უნდა, რომ მაგალითად, დაშვებული იყოს მოძრაობა ტაქსის მძღოლებისთვის, (ყოველდღე უცხო მანქანით ხომ ვერ გამოვა), ასევე, კონკრეტული სამსახურებისთვის, მაგ. დისტრიბუციისთვის იყოს დაშვება, ანუ ბევრი დაშვება უნდა გაკეთდეს. ამას რომ თავი დავანებოთ, დამატებითი ბუღალტერია გამოდის - კამერები, დათვლები, ჯარიმები უნდა მოუვიდეს ამ ხალხს... მერე ვიღაცას, რომელიც სადღაც გავიდა ქალაქიდან, ოჯახი ჩაიყვანა და მეორე დღეს შემოსვლა უწევს, კენტი ნომერი აქვს და რა ჯანდაბა გააკეთოს ამ შემთხვევაში? ანუ უამრავი პრობლემაა, რაც იმ კვლევაში ძალიან კარგად არის ასახული. თანაც, ამის აღსრულება ფიზიკურად ურთულესია - ამას ჯარიმების კონტროლი, გასაჩივრებები, უამრავი რაღაცა მოჰყვება, რაც ძალიან რთულია. ამიტომ ჩემი აზრით, არანაირი აზრი არა აქვს ამ ლუწ-კენტს.

გზების გაფართოებას რაც შეეხება, უკვე ძალიან რთულია, რადგან ნაკლებადაა სივრცე. ერთადერთი, რაც შეიძლება, გაკეთდეს, სხვა გზები უნდა შეიქმნას. ტოკიოა ამის მაგალითი, სადაც მოუწიათ გზის, ასე ვთქვათ, "ჰაერში აწევა", ანუ ესტაკადის ფორმების გაკეთება იმისთვის, რომ დამაკავშირებელი გზები შეექმნათ. შეგვეძლო ეს გამოცდილება პირდაპირ გაგვეზიარებინა და არ შევსულიყავით ჩიხში.

დღეს რომ ყველამ გავაჩეროთ მანქანები, ისინი ფიზიკურად სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს? ქალაქში საპარკინგე სივრცეები არ არის... მეორეც, საცობი რომ არ იყოს, ადამიანებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისკენ ვუბიძგებთ მაშინ, როცა თვითონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამტარუნარიანობა არ ყოფნის. ქალაქის მერსაც და მთელ მუნიციპალიტეტს ვთხოვდი, რომ ექსპერიმენტი ჩაატარონ და ერთი კვირის განმავლობაში, პიკის საათში საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ, მეტროში ჩავიდნენ და აბსოლუტურად ყველა ნიუანსში თავიდან ბოლომდე გაერკვნენ - როგორი ჭყლეტაა, იქაც როგორი საცობებია და რა რთულია ამ ტრანსპორტით გადაადგილება. მარტო მეტროზე არა მაქვს საუბარი, ზოგადად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. თუნდაც რა პერიოდულობით დადიან ისინი, ერთიდან მეორე ტრანსპორტზე გადაჯდომის დროს რა პროცედურები და რამდენი ლოდინი უწევს ადამიანს, მითუმეტეს, ვისაც გრძელ დისტანციაზე გადაადგილება სჭირდება, ანუ რამდენიმე ტრანსპორტით და ეს რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს რომ ეცოდინებოდათ, ამის მიხედვით უფრო მოქნილად დაგეგმავდნენ ყველაფერს.

- რა უნდა გაკეთდეს ასეთ რთულ პირობებში იმისათვის, რომ საცობი არ იყოს, რას ურჩევდით მერიას?

- პირველ რიგში, ახალი ნებართვების გაცემა უნდა შეჩერდეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში. რაც გაცემულია, ისიც ძალიან ბევრია იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენას, ახალ ავტომობილებს და მომავალში საერთოდ შეუძლებელი იქნება გადაადგილება.

2. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აუცილებელია ქსელების დამატება. ახლა რაც არის, ცოტაა, უფრო მეტი ხაზი უნდა იყოს და უფრო მეტი ტრანსპორტია საჭირო, რათა ლოდინის დრო შემცირდეს.

ყველაზე მეტად გარდაუვალია და ადრე თუ გვიან მოგვიწევს მეტროს ახალი ხაზების გაკეთება. მეტრო არის ყველაზე მოქნილი ტრანსპორტი, ვერავინ მისი ალტერნატივა ჯერ ვერ შექმნა. ისევ იაპონიიის მგალითს მოვიყვან: ტოკიოში არსებობს სახელმწიფო მეტროს ხაზები, კომერციული მეტროს ხაზები, ანუ ბევრნაირი მეტროა, ერთი ჩასვლით რამდენიმე სართულს ჩადიხარ და სხვადასხვა ხაზზე აღმოჩნდები. ყველგან, სადაც არ უნდა მოხვდე, გაიხედავ და თვალსაწიერის არეში ყველა შემთხვევაში მეტროსადგურია. უახლოესი წერტილი ალბათ 300 მეტრს მაინც არ გაცდება, გამორიცხულია. ანუ საჭიროა მიწისქვეშა ტრანსპორტის დამატება და გაძლიერება.

ადამიანებს უნდა შეექმნათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაცილებით დიდი კომფორტი, რომ მოუნდეთ მისი გამოყენება, ანუ ის უნდა იყოს გაცილებით მოქნილი, რისთვისაც აუცილებელია იმავე მეტროს შემთხვევაში დაემატოს ხაზები, ვაგონები, ანუ ინტენსივობა უფრო მაღალი უნდა იყოს, უფრო მეტი ავტობუსი უნდა იყოს, რათა ლოდინის დრო შემცირდეს. აქვე ერთს დავძენდი: არის ტრამვაის პრინციპით გაკეთებული ხაზები - ჩინელებმა გააკეთეს ექსპერიმენტი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. მათ ელექტროავტობუსები ჰყავთ, რომელიც მოძრაობს ცალკე გამოყოფილ გზაზე, იქ, სადაც ავტომობილი ვერ ხვდება... ის დამოუკიდებელ, ცალკე გამოყოფილ ხაზზე მოძრაობს, ვითომ ტრამვაია. ამის ამოქმედება ჩვენთან ხვალვე შეიძლება.

ეს სისტემა მუშაობს მეტროს პრინციპით, ჩათვალეთ მეტროა, რომელიც თავის ღია სივრცეში მუშაობს, არა - გვირაბში, ანუ მათთთვის სპეციალური ესტაკადაა შექმნილი და ავტომობილები ქვეშ გადიან (ან ზემოთაა გაკეთებული), კვეთა რომ არ ჰქონდეს. ჩათვალეთ მეტროა, რომელიც ხილულია ზემოთ და თან ეს ელექტროავტობუსები მეტროს პრინციპით მოძრაობენ.

3. ესტაკადები და აწეული გზები (ერთი მთლიანობაა), მთავარია, რომ გზები ერთმანეთს შრეებად აცდეს, ანუ ამ გზების გონივრულად მოწყობა, კვეთა არ უნდა იყოს - ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება ერთმანეთს უნდა აცდეს, რაც ნაკლები იქნება გაჩერება, მით ნაკლები იქნება საცობის ალბათობა, სხვა გზები უნდა შეიქმნას, გმირთა მოედნის მსგავსი რაღაც მაკავშირებელი გზებია გასაკეთებელი.

4. ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოდიფიკაცია და შუქნიშნების გონივრული და პრაქტიკული მოწყობა, საჭიროა ერთმანეთთან სინქრონი ყველა შემთხვევაში, საცობი რომ არ იყოს.

5. საცობების თავიდან ასაცილებლად ყველა შემთხვევაში გარდაუვალი საჭიროებაა ხიდების დამატება, მტკვარზე 3-4 ხიდის დამატება მაინც გვინდა.