ჩინელმა მეცნიერებმა ელექტრონული სავარცხელი შექმნეს, რომელიც თმის ფოლიკულებს ელექტრული იმპულსებით ასტიმულირებს და თმის ზრდას უწყობს ხელს. მკვლევრების განცხადებით, მოწყობილობა შესაძლოა ანდროგენული ალოპეციის, იგივე მამაკაცური ტიპის გამელოტების, სამკურნალოდ გამოიყენონ.
ექსპერიმენტის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ელექტრო სავარცხლით დამუშავებულ თაგვებში გაპარსულ ადგილზე თმა თითქმის მთლიანად ამოსული იყო. მკვლევრების თქმით, ამ შედეგმა თითქმის 100% შეადგინა. შედარებისთვის, მინოქსიდილით მკურნალობისას თმა იმავე პერიოდში გაპარსული უბნის დაახლოებით 70%-ზე ამოვიდა.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა. სავარცხლის კბილებში სხვადასხვა სიმაღლის ელექტროდები და სამკურნალო მოლეკულების მიწოდების მექანიზმებია ინტეგრირებული. მოწყობილობა ელექტრულ ველს წარმოქმნის, რაც სამკურნალო მოლეკულებს თმის ფოლიკულებამდე უფრო ღრმად შეღწევაში ეხმარება.
ანდროგენული ალოპეცია თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სხვადასხვა შეფასებით, სიცოცხლის განმავლობაში ის მამაკაცების 80%-ს აწუხებს. მდგომარეობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზეც.
კიდევ ერთი გავრცელებული საშუალებაა ფინასტერიდი, რომელიც Propecia-ს სახელით იყიდება. ის გამელოტების ადრეულ ეტაპებზე ეფექტიანად მიიჩნევა, თუმცა შესაძლო გვერდით მოვლენებს შორის ერექციული დისფუნქცია და დეპრესია სახელდება.
ბოლო წლებში პოპულარული გახდა თმის გადანერგვაც. პროცედურის დროს თმის ფოლიკულებს თავის იმ უბნებიდან იღებენ, რომლებიც ცვენის მიმართ შედარებით მდგრადია, მაგალითად, კეფიდან და გვერდითი ნაწილებიდან, შემდეგ კი გამელოტებულ უბნებში ათავსებენ. მეთოდი ეფექტიანია, თუმცა ინვაზიურია, შესაძლოა მტკივნეულიც იყოს და საკმაოდ ძვირიც ჯდება.
მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ "Detangle“ ადამიანებშიც იმავე ეფექტს გამოავლენს. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტი ჯერ კიდევ არ ადასტურებს, რომ მოწყობილობა ადამიანებში თმის ზრდას ანალოგიურად აღადგენს.
სანამ ადამიანებზე კლინიკური კვლევები დაიწყება, მეცნიერებს დამატებითი ტესტების ჩატარება მოუწევთ. სწორედ ამ კვლევებმა უნდა დაადგინოს, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ახალი მოწყობილობა ადამიანებისთვის.