ავტორი:

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, რომელსაც ყოფილი მეუღლის მკვლელობის შეკვეთას ედავებიან, პატიმრობა შეეფარდა

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, რომელსაც ყოფილი მეუღლის მკვლელობის შეკვეთას ედავებიან, პატიმრობა შეეფარდა

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, რაფი ორუჯოვს, რომელსაც ყოფილი მეუღლის მკვლელობის შეკვეთას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

  • ცნობისთვის, რაფი ორუჯოვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების ინფორმაციით, რაფი ორუჯოვმა განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა. ის დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.