ავტორი:

დღეს მინსკში გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა გაიმართება: რას ამბობენ ოპოზიციაში? - "კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის ახალი არხი მინსკში გადაიტანა"

დღეს მინსკში გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა გაიმართება: რას ამბობენ ოპოზიციაში? - "კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის ახალი არხი მინსკში გადაიტანა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ეს გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრაა.

ამ საკითხის შეფასებისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა:

"როგორც ვვარაუდობდი, პრაღის ფორმატი, ფაქტობრივად, დასრულებულია. მის ნაცვლად ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის ახალი, უკვე პრაქტიკულად ფორმალური არხი მინსკში გადაიტანა - ბელარუსში, რომელიც რუსეთის უახლოესი მოკავშირე და ავტორიტარული მმართველობის ქვეყანაა".

როგორც თეონა აქუბარდია აღნიშნავს, ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის.

"რუსეთი ბოლო წლებია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მინსკში გადატანას ითხოვდა. ამავე დროს, "ქართული ოცნება“ კრემლის ნარატივს აძლიერებდა ჟენევის ფორმატის არაეფექტიანობაზე მუდმივი აქცენტით.

კობახიძეს შეეძლო, რუსეთთან კონფლიქტის საკითხზე დიალოგი ჟენევის საერთაშორისო ფორმატში დაეტოვებინა - იმ ერთადერთ საერთაშორისო მოლაპარაკების პლატფორმაზე, სადაც საქართველოს გვერდით ევროკავშირი, გაერო და ეუთო მონაწილეობენ. ამისთვის საჭირო იყო პოლიტიკური ნება და ჟენევის ფორმატის დაცვის პრინციპული პოზიცია. ეს არ მოხდა.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხიც მიანდო. ამით რუსეთთან ურთიერთობის ორმხრივ არხს ფაქტობრივად დაემატა უსაფრთხოებისა და კონფლიქტის პოლიტიკური განზომილება. ახლა კი ეს არხი მინსკში გადადის.

შედეგად, იზრდება რისკი, რომ ჟენევის ფორმატი თანდათან დაკარგავს პოლიტიკურ დატვირთვას, ხოლო საქართველოს ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები რუსეთისთვის სასურველ, ასიმეტრიულ ორმხრივ მოლაპარაკებებში აღმოჩნდება. ერთ მხარეს - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, მეორე მხარეს - საქართველოდან სპეცწარმომადგენელი ზურაბაშვილი, საერთაშორისო პოლიტიკური და ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე. ასეთ პირობებში მოლაპარაკების ძალთა ბალანსის წარმოდგენა რუსეთის სასარგებლოდ იქმნება.

ამ პროცესს კიდევ ერთი, გაცილებით სახიფათო კონტექსტი აქვს. კრემლთან დაახლოებული პირები საჯაროდ საუბრობენ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს გაფართოებაზე და ამ სივრცეში თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ცალ-ცალკე ინტეგრირების შესაძლებლობაზე. ეს ნიშნავს არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ საქართველოს სამი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სახით დაშლისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის პერსპექტივას.

ამიტომ მინსკში მოლაპარაკებების გადატანა მხოლოდ დიპლომატიური ფორმატის ცვლილება არ არის. ის შეიძლება გახდეს იმ პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოღება და რუსეთის ორმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევაა.

ჟენევა საქართველოსთვის მხოლოდ მოლაპარაკებების ადგილი არ არის - ეს არის საერთაშორისო ფორმატი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს იზოლაციისგან და ძალთა სრული ასიმეტრიისგან იცავს. მისი შესუსტება, მინსკით ჩანაცვლება და კონფლიქტის საკითხის ორმხრივ მოლაპარაკებებში გადატანა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისგან დაცლის რისკს ქმნის.

თუ ეს პროცესი გაგრძელდა, საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს არა უბრალოდ მეორე ბელარუსის, არამედ გაცილებით მძიმე რეალობის წინაშე - რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეული, ტერიტორიულად დაშლილი და საერთაშორისო გარანტიების გარეშე დარჩენილი ქვეყანა“, - წერს აქუბარდია.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბერს დანიშნა.