ავტორი:

90-წუთიანი აუდიენცია დასრულდა - ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრის დეტალები: ვინ რა თქვა?

90-წუთიანი აუდიენცია დასრულდა - ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრის დეტალები: ვინ რა თქვა?

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა.

დონალდ ტრამპმა, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა პირველი სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გამართეს.

ლიდერებმა ბირთვული განიარაღებისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.

მოლაპარაკებები საათ ნახევარს გაგრძელდა.

მანამდე, აშშ-სა და რუსეთისა და აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

  • აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, საგარეო პოლიტიკაში "განსხვავებულ კურსს“ ირჩევს, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად გამართა ერთობლივი შეხვედრა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან.

"როგორც მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს, ჩვენ გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ ღია, პატივისცემით სავსე და ნაყოფიერი დიალოგი ისეთ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ პლანეტაზე“, - განაცხადა ტრამპმა ჩინელ და რუს კოლეგებთნ მოლაპარაკებების დასაწყისში.

მისი მტკიცებით, წარსულში ლიდერები ხშირად ერიდებოდნენ საუბარს იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უთანხმოებები ჰქონდათ.

“ჩვენ კი სრულიად საპირისპირო მიდგომა გვაქვს და ამაში სრულიად დარწმუნებულნი ვართ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ იმ ლიდერებთან საუბარზე უარის თქმით, რომლებთანაც უთანხმოებები არსებობს, "არცერთი პრობლემა არასდროს გადაჭრილა“.

"შესაბამისად, მშვიდობა არასდროს დამყარებულა ურთიერთობისა და დიალოგის შესაძლებლობებზე უარის თქმის გზით. ჩვენ კი სხვა გზას ვირჩევთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სამმხრივ სამიტზე ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილება, თუმცა აღნიშნა, რომ რომელიმე ქვეყნის დარწმუნება იარაღზე უარის თქმაზე რთული იქნება.

"როცა ბირთვული იარაღი გაქვს, ძალიან ძნელია, ის აღარ გქონდეს. ასეა მოწყობილი ცხოვრება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის ომი, შესაძლო, მალე დასრულდეს.

"ვფიქრობ, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ პუტინს - და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც სურთ ამ ომის დასრულება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

  • კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში, სადაც დიდ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აკისრიათ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.

"კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში, სადაც ყველა ადამიანის ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ ერთად ვვითარდებით ან ვიტანჯებით, რადგან ერთიანი მომავლის მქონე საზოგადოებას წარმოვადგენთ“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ურთიერთპატივისცემა წამყვან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ძირითადი პრინციპია.

"ურთიერთპატივისცემა დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის უმთავრესი პრინციპია“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა.

"ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამშრომლობის მაგალითი უნდა აჩვენონ, ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის პროგრესში“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

  • რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ.

"ჩვენს ქვეყნებს რეგიონული კონფლიქტების, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტის, მოგვარებაში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. გუშინ ეს საკითხი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან განვიხილეთ და დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე ამას მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს, ჩვენს ხალხებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, თუკი ჩვენ ვითანამშრომლებთ კონსტრუქციულად - ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ინტერესთა ბალანსის საფუძველზე“, - განაცხადა პუტინმა.