ავტორი:

ვან გოგის ტილო რეკორდულ 190.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ვან გოგის ტილო რეკორდულ 190.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

აუქციონის სახლმა Sotheby’s-მა ვინსენტ ვან გოგის ტილო “Châtaigniers en fleurs“ (“აყვავებული წაბლის ხეები“) რეკორდულ 190.4 მილიონ დოლარად გაყიდა.

აღნიშნულმა გარიგებამ მოხსნა მხატვრის ნამუშევრების წინა აუქციონის რეკორდი, რომელიც 2022 წელს დაფიქსირდა და 117.2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

1890 წელს შექმნილი ტილო ვან გოგის სიცოცხლის ბოლო ორი თვის პერიოდს მიეკუთვნება და Sotheby’s-ის შეფასებით, იგი კერძო კოლექციებში დაცულ იმ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშად ითვლება. ტილო აუქციონზე გამოტანილი იყო “Blaquier-Arrieta“-ს კოლექციის შემადგენლობაში, ხოლო მისი წინასწარი შეფასებითი ღირებულება 180 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გახდა რეკორდულ ფასად გაყიდული ნახატის ახალი მფლობელი.

  • დავა ნაცისტური ეპოქის ისტორიასა და იძულებით გაყიდვაზე

ისტორიულ გაყიდვას წინ უძღოდა დავა “Blaquier-Arrieta“-ს ოჯახსა და გერმანელი მესაკუთრეების, ფიშერების ოჯახის მემკვიდრეებს შორის.

ფიშერების ოჯახის მემკვიდრეთა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნახატი შესაძლოა იძულების წესით გაიყიდა ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლის პერიოდში. მემკვიდრეთა ადვოკატმა განაცხადა, რომ ტილო მეორე მსოფლიო ომამდე ამსტერდამში გაიყიდა იმ ფინანსური ზარალის გამო, რაც ფიშერების საგამომცემლო კომპანიამ ნაცისტური რეჟიმის პირობებში განიცადა.

აუქციონის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე Sotheby’s-მა განაცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

“ნახატის რთული ნაცისტური ისტორიისა და ჰოლოკოსტის დროს ფიშერების ოჯახის მიერ განცდილი ტანჯვის აღიარებით, ორმა ოჯახმა ორმხრივად მისაღებ შეთანხმებას მიაღწია და ნამუშევარი სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე გაიყიდება“, - აღნიშნულია Sotheby’s-ის ოფიციალურ განცხადებაში.

წყარო