ავტორი:

“ამ ვიდეოს ადრესატები ისინი არიან, ვინც ჩემი თავდაპირველი განცხადება არასაკმარისად მკაფიოდ მიიჩნია“ - რომან დოლიძე აბუ-დაბის სკანდალთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს

“ამ ვიდეოს ადრესატები ისინი არიან, ვინც ჩემი თავდაპირველი განცხადება არასაკმარისად მკაფიოდ მიიჩნია“ - რომან დოლიძე აბუ-დაბის სკანდალთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს

UFC-ის მებრძოლი რომან დოლიძე აბუ-დაბიში, დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

  • ის აღნიშნავს, რომ მის თავდაპირველ ტექსტს, სადაც საკუთარი მხარდაჭერა დაუფიქსირა მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი აღნიშნავდა, რომ რომან დოლიძის მიმართვა მოზომილი იყო - მებრძოლის თქმით, “მისი პოზიცია თავიდანვე მკაფიო იყო და დღესაც უცვლელია. მომხდარი სრულიად მიუღებელია და ამ დამოკიდებულებას არაფერი შეცვლის“.

“ბოლო დღეებში ჩემს მიერ აბუ დაბიში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

მერაბისთვის ჩემი დამოკიდებულება ისედაც ნათელია. ამ ვიდეოს ადრესატები კი ისინი არიან, ვინც ჩემი თავდაპირველი განცხადება არასაკმარისად მკაფიოდ მიიჩნიაა და ჩემი პოზიცია ეჭვქვეშ დააყენა.

მინდა, ერთი რამ განვმარტო: ჩემი პოზიცია თავიდანვე მკაფიო იყო და დღესაც უცვლელია. მომხდარი ჩემთვის სრულიად მიუღებელია და ამ დამოკიდებულებას არაფერი შეცვლის.

პატივს ვცემ ყველას, ვინც მომხდარს საკუთარი ემოციითა და სათქმელით გამოეხმაურა. განსხვავებული ტონი და გამოხატვის ფორმა არ ნიშნავს განსხვავებულ დამოკიდებულებას.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერ საკითხზე საუბრისას, მათ შორის მაშინაც, როდესაც ჩემი პოზიცია მკაფიო და უკომპრომისოა, შევინარჩუნო კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც ჩემს პირად პრინციპებს შეესაბამება

სიმართლე გითხრათ, სხვისი შეფასებები დიდად არ მაღელვებს და არც ვაპირებ, მათ გამო საკუთარი პოზიცია ან გამოხატვის ფორმა შევცვალო. თუმცა, მიმაჩნია, რომ განსხვავებული ფორმით გამოხატული პოზიცია არ უნდა გახდეს ნეგატივის, პირადი შეურაცხყოფისა და ბულინგის მიზეზი.

არ არის აუცილებელი, ყველამ ერთნაირად გამოვხატოთ სათქმელი, რათა ერთ მხარეს ვიდგეთ.

ჩემი სათქმელი ვთქვი და ჩემს პოზიციას ვრჩები.

ჩვენი ძალა ერთობაშია!“ - წერს დოლიძე.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.

მოგვიანებით მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ასეთი განცხადება გააკეთა: “აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს”.