ავტორი:

ქალების ჩუმი ბრძოლა ავღანეთში - საიდუმლო სკოლები, ფარული სილამაზის სალონები და კრივი სახლის ეზოში: როგორ უწევთ შიშის ქვეშ ცხოვრება თანამედროვე გმირებს?

ქალების ჩუმი ბრძოლა ავღანეთში - საიდუმლო სკოლები, ფარული სილამაზის სალონები და კრივი სახლის ეზოში: როგორ უწევთ შიშის ქვეშ ცხოვრება თანამედროვე გმირებს?

ქაბულის ხმაურიანი ქუჩების ჩრდილში ფარული სამყარო არსებობს - სამყარო ქალებისა, რომლებიც ჩუმად ებრძვიან დრაკონულ აკრძალვებს, რომლებიც თალიბანმა 2021 წლის აგვისტოში, აშშ-ის მეთაურობით მოკავშირეთა ჯარების გაყვანისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დააწესა.

ავღანეთში დაწყებითი კლასების შემდეგ გოგონებისთვის სკოლაში სწავლა აიკრძალა (გარდა რელიგიური განათლებისა და ენის კურსებისა). ქალებისთვის დაიხურა პარკები, სპორტული დარბაზები და სილამაზის სალონები, შემოვიდა თავიდან ფეხებამდე ჩაცმის მკაცრი წესი და აიკრძალა უმეტეს პოზიციებზე მუშაობა.

  • “აქ ქალობა დანაშაულია“, - აცხადებს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც სპორტის აკრძალვის გამო ოცნებები დაემსხვრა.

წესების დაცვას თალიბანის “სათნოების ხელშეწყობისა და ცოდვის პრევენციის სამინისტროს“ პოლიცია აკონტროლებს, რომლის წარმომადგენლებიც თეთრი ხალათებით პატრულირებენ და წესების დამრღვევ ქალებს აკავებენ ან სცემენ. სამინისტროს პრესსპიკერმა მუჰამად ასლამ ბადრივალმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ხელისუფლება შარიათის კანონების ფარგლებში ქალთა უსაფრთხოებასა და უფლებებს უზრუნველყოფს, თუ ისინი ისლამურ ნორმებს მკაცრად დაიცავენ.

40 წლის ქალი წლების განმავლობაში ქაბულის ერთ-ერთ სილამაზის სალონში მუშაობდა, თუმცა აკრძალვის შემდეგ სრულ უიმედობაში ჩავარდა. მიუხედავად აკრძალვისა და დიდი რისკისა, მან ნაქირავებ ბინაში ფარული სალონი გახსნა, სადაც მალევე 30-მდე კლიენტი გაუჩნდა, რაც ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო გახდა. თუმცა თალიბანმა საიდუმლო სალონი აღმოაჩინა, დაარბია და მთელი ავეჯი და აღჭურვილობა ჩამოართვა.

მიუხედავად შიშისა და ფინანსური კრახისა, ქალმა სხვა ბინა დაიქირავა და სალონი ხელახლა გახსნა. ამჟამად მასთან 7 ახალგაზრდა ქალია დასაქმებული, რომლებიც საკუთარ ოჯახებს ინახავენ.

“ყოველ ჯერზე, როდესაც კარზე კაკუნის ხმა ისმის, მეშინია, რომ კარს მიღმა თალიბანი დგას“, - ამბობს სალონის მფლობელი.

  • ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ახლა ბიჭებს საკუთარ ეზოში ავარჯიშებს

ახალგაზრდა სპორტსმენის ოცნება ავღანეთის ფეხბურთელ ქალთა ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო, თუმცა სპორტის აკრძალვამ მისი კარიერა შეაჩერა. 6-თვიანი მძიმე დეპრესიის შემდეგ, ქალმა ვარჯიში საკუთარ ოთახში განაახლა და ძველი ავტომობილის საბურავებისგან დამზადებული ტომრით კრივშიც დაიწყო ვარჯიში.

ვინაიდან თავად თამაში არ შეუძლია, მან გადაწყვიტა თავისი ცოდნა პატარა ბიჭებს გადასცეს და მათ საკუთარი სახლის მცირე ეზოში ავარჯიშებს.

“მათში იმავე ოცნებებსა და ვნებას ვხედავ, რაც ბავშვობაში მე მქონდა. მათთან ვარჯიში ძალას მმატებს, თუმცა ავღანეთში მომავალს ვერ ვხედავ და ქვეყნიდან წასვლა მსურს“, - აღნიშნავს იგი.

  • საიდუმლო სკოლა 20 წლამდე გოგონებისთვის და დაკავების მუდმივი შიში

ქაბულში, კერძო სახლში, 20 წლის ახალგაზრდა ქალმა და მისმა თინეიჯერმა დაიკომ საიდუმლო სკოლა გახსნეს, სადაც ბიჭებთან ერთად 20 წლამდე გოგონებიც სწავლობენ. მოსწავლეები ეჭვის აცილების მიზნით სკოლაში სათითაოდ შედიან. სასწავლო პროგრამა მოიცავს ისტორიას, მეცნიერებას, გეოგრაფიას, მათემატიკას, ენებსა და ყურანის შესწავლას.

სკოლაში, რომელიც დაბალ პლასტმასის მაგიდებსა და ფერად ნახატებს მოიცავს, ამჟამად 30-მდე მოსწავლე სწავლობს.

თალიბანის მთავრობის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ხელისუფლება განათლების საკითხის მოგვარებაზე მუშაობს, თუმცა რეალური პროგრესი არ ჩანს.

“ყოველდღე გვეშინია, რომ თალიბები შემოგვივარდებიან, წესების დარღვევაში დაგვადანაშაულებენ და დაგვაკავებენ“, - აცხადებს ახალგაზრდა მასწავლებელი.

წყარო