ავტორი:

“ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო - მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა, დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა“ - ფონიჭალის ტრაგედიის დეტალები

“ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო - მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა, დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა“ - ფონიჭალის ტრაგედიის დეტალები

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს.

“ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.

მისივე განცხადებით, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო და მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან. ის ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, როცა ეს უბედურება მოხდა.

აფეთქების შედეგად კორპუსის ხუთი სართული მთლიანად ჩაინგრა. ორი სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია და ამ კორპუსის 28 მაცხოვრებელი მერიამ სასტუმროებში გაიყვანა.

8-საათიანი უწყვეტი სამძებრო სამაშველო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 3 წლის თაია ცოცხალი იპოვეს. სასწაულად გადარჩენილი პატარა გოგონა სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და მას კვლევები უტარდება. ამოყვანის მომენტში ბავშვი კონტაქტური იყო და მას გარეგნული დაზიანებები არ ჰქონდა.

ამ ამბიდან მალევე მაშველებმა ნანგრევებში ჯერ დედა-შვილის ცხედარი იპოვეს, მალევე კიდევ ერთი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს, მოგვიანებით კიდევ ერთი იქ მაცხოვრებელი გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ცნობილია აფეთქების შედეგად დაღუპულთა ნაწილის ვინაობა. ტრაგედიას ემსხვერპლა 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის და - ნუციკო.

54 წლის ქალბატონი - ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი, რომელიც ბინაში ტყუპ შვილთან ერთად იმყოფებოდა. ისინი გადარჩნენ, თუმცა დედამ გამოსვლა ვერ შეძლო.

დაღუპულთა შორის არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კორპუსში ახალი გადასული იყო. ასევე დედა და 6 წლის შვილი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

იხილეთ ასევე: