ავტორი:

"ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს“ – რას წერს ნატალი ყიფშიძე: კრისტი ყიფშიძის მამის ემოციური ისტორია: როგორ ებრძოდა მძიმე განსაცდელს?

"ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს“ – რას წერს ნატალი ყიფშიძე: კრისტი ყიფშიძის მამის ემოციური ისტორია: როგორ ებრძოდა მძიმე განსაცდელს?

მოდელ კრისტი ყიფშიძეს მამა გარდაეცვალა. სამწუხარო ამბავი სოციალურ ქსელში კრისტის შვილმა, მსახიობმა ნატალია ყიფშიძემ გაავრცელა.

  • "ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს“, – წერს ნატალია.

მსახიობს ბაბუასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. 2024 წელს გამოქვეყნებულ ემოციურ პოსტში ის წერდა, რომ სწორედ ბაბუამ ასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა და მისი გამოხატვა. ნატალია აღნიშნავდა, რომ არკადი სარქისოვი, რომელსაც ოჯახში ბავშვობიდან "ბიჭის“ ეძახდნენ, მისთვის სამაგალითო იყო.

"ბიჭი ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა და მისი გამოხატვა საჭიროების მიზნით“, – წერდა მსახიობი.

  • ნატალია წერდა, რომ ბაბუა 25 წლის განმავლობაში გადაადგილებას ვერ ახერხებდა, თუმცა აქტიურად ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, შვილიშვილს პოლიტიკაზე ესაუბრებოდა, მნიშვნელოვან სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობის წინ ახალ ამბებს უზიარებდა და აქციებზე ყოფნისას ამხნევებდა.

"დილით რომ ვიღვიძებ, მეხუტება და მეუბნება, რომ ამაყობს ჩემით და მეც ყოველდღე ვიამაყებ ჩემი ბაბიკოთი, რომელიც დღემდე ბროწეულის წვენს ხელით მიწურავს და საკუთარი შვილივით მზრდის“, - წერდა ნატალია.

"პირველი წლები ჩემთვის მართლა ჯოჯოხეთი იყო“ - არკადი სარქისოვის ისტორია

2013 წელს გამოცემა "გზასთან“ ინტერვიუში არკადი სარქისოვი საკუთარი ცხოვრების შესახებ ჰყვებოდა. ავლაბარში დაბადებული და გაზრდილი კაცი იმავე სახლში ცხოვრობდა, რომელიც 1958 წელს ბაბუამ და მშობლებმა ააშენეს.

არკადი სარქისოვი 40 წლის ასაკში მომხდარი ტრაგიკული ამბის შემდეგ ეტლს მიეჯაჭვა. ყველაფერი 1997 წელს დაიწყო, როდესაც გზაზე გაჩერებული ცეცხლმოკიდებული "ზაპოროჟეცის“ დასახმარებლად მივიდა. მანქანაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა მიიღო და ხელები დაეწვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორგანიზმში სტაფილოკოკური ინფექცია შეეჭრა.

ინტერვიუში არკადი მძიმე პერიოდს იხსენებდა და ამბობდა, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში აუტანელ ტკივილებს განიცდიდა. მიუხედავად ყველაფრისა, ვარჯიშს არ წყვეტდა და იმედს არ კარგავდა, რომ მდგომარეობას გაიუმჯობესებდა.

"ფეხის ტერფებსა და თითებს ვამოძრავებ, აქამდე კი ესეც არ შემეძლო. მოკლედ, სულ ვვარჯიშობ და მგონია, რომ წინსვლა ამის დამსახურებაა“, - ამბობდა ის.

მისი თქმით, ძირითადად იოგით იყო დაკავებული და ვარჯიშებს დამოუკიდებლად ასრულებდა.

კრისტი მამაზე: "შინაგანად ძლიერი და ოპტიმისტია“

იმავე ინტერვიუში კრისტი ყიფშიძეც საუბრობდა მამის შესახებ. მისი თქმით, არკადის შინაგანი სიმტკიცე და ოპტიმიზმი ოჯახს მძიმე განსაცდელის გადატანაში ეხმარებოდა.

"მამაჩემი შინაგანად ძლიერი და ოპტიმისტი რომ არ ყოფილიყო, ამ განსაცდელის გადატანა ძალიან გაგვიჭირდებოდა. მუდმივად რაღაცას გეგმავს: ახლა ვივარჯიშებ, ახლა ამას ვიზამ, იმას ვიზამ...“ – ამბობდა კრისტი.