ადვოკატი ირაკლი ღლონტი 18 იანვარს ვაკეში მომხდარ მკვლელობას კიდევ ერთხელ ეხმაურება და მოკლულ ვახტანგ ჩიქოვანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ცნობისთვის, ჩიქოვანი ირაკლი ღლონტის ბიძა იყო.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვახტანგ ჩიქოვანი 500 000 ლარს ითხოვდა და შეხვედრაზე თანმხლებ პირებთან ერთად იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ, პატივი სცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის მგლოვიარე ოჯახს და თავი შეიკავოთ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებული ფაქტები სრულიად სხვა სურათს აჩვენებს: შეხვედრა სასტუმროში შედგა, საიდანაც 80 წელს მიღწეული, უიარაღო ვახტანგ ჩიქოვანი თავად გელა არობელიძის ავტომობილით მისსავე სახლში, ავტოფარეხში მიიწვიეს და არობელიძის დანით უმოწყალოდ მოკლეს.
ვახტანგ (ოსო) ჩიქოვანს ყველა სამართლიანობითა და კაცთმოყვარეობით იცნობდა. მას არასდროს დასჭირვებია იარაღი და ხმის აწევაც კი.ბიძაჩემმა სამართლიანად იცხოვრა და მისი მკვლელობის საქმეც სამართლიანად უნდა დასრულდეს. აქ არც კუთხურობას და არც ძველ ავტორიტეტებს არ აქვს მნიშვნელობა - ყველა დეტალი ამოვა სამსჯავროზე და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს.მოთმინებით დაველოდოთ გამოძიებისა და ექსპერტიზის ოფიციალურ შედეგებს. გვაქვს ბევრი კითხვის ნიშანი და მას აუცილებლად დავსვამთ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.