იაპონიაში ჩინეთის საელჩომ თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, მოერიდონ არასეზონურ პერიოდში ფუძის მთაზე ასვლას. დიპლომატიური უწყების შეშფოთება უკავშირდება დაკარგული ჩინელი ტურისტის ოჯახის მიერ დაწესებულ მსხვილ ფულად ჯილდოს, რამაც შესაძლოა სხვა ადამიანებიც აიძულოს, სიცოცხლის ფასად გარისკონ და მთაზე ავიდნენ.
ჩინეთის საელჩომ იაპონიაში განაცხადა, რომ არასეზონურ პერიოდში ასეთი ჯილდოს დაწესება გაუმართლებელ რისკზე წასვლას წაახალისებს.
იამანაშის პოლიციის ცნობით, ჩენ ძიე მთაზე ასვლას 8 ნოემბერს ორ მეგობართან ერთად შეუდგა. მეგობრები უკან მალევე დაბრუნდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ მწვერვალი ოფიციალურად დახურული იყო და არც შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნდათ. მიუხედავად ამისა, 25 წლის ჩენმა გზა მარტომ განაგრძო იოშიდას მარშრუტის მეხუთე სადგურიდან, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2 300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ახალგაზრდასთან ბოლო კონტაქტი იმავე დღეს, დილის 10:30 საათზე შედგა, როდესაც მან მეგობარს ვიდეოშეტყობინება გაუგზავნა სიტყვებით: “მთაზე ავდივარ... გარშემო არავინ ჭაჭანებს“.

იაპონიის ყველაზე მაღალი მწვერვალის, ფუძის სიმაღლე 3 776 მეტრია. ადგილობრივმა მაშველებმა სამძებრო ოპერაცია 10 ნოემბერს დაიწყეს, თუმცა უამინდობის გამო მუშაობის შეჩერება რამდენჯერმე მოუხდათ.
დაკარგულის მამა იაპონიაში 13 ნოემბერს ჩაფრინდა.
საელჩოს განცხადებით, არასეზონურ პერიოდში ძლიერი ქარი და ქარბუქი სასიკვდილო საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თავშესაფრები და პირველადი დახმარების პუნქტები არ ფუნქციონირებს.
ფუძიამაზე ოფიციალური ალპინისტური სეზონი მხოლოდ ივლისის დასაწყისიდან სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება. იამანაშის პრეფექტურის გუბერნატორმა კოტარო ნაგასაკიმ განაცხადა, რომ დაკარგულის ძებნის მცდელობამ შესაძლოა “მეორადი კატასტროფები“ გამოიწვიოს.