მინსკში, ბელარუსის შუამავლობით, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრამ ახალი კითხვები გააჩინა. მოსკოვი უკვე საუბრობს "განახლებულ პირდაპირ რუსულ-ქართულ დიალოგზე“ და მიღწეულ პრაქტიკულ შეთანხმებებზე, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებზე შეთანხმდნენ მხარეები და თუ რა ვალდებულებები აიღეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, შეხვედრა მინსკში, "განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში“ შედგა.
"ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა. მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები", - ვკითხულობთ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაც შეხვედრას სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ინტერესებით ხსნის, მაგრამ თავად შეხვედრის ადგილი და ფორმატი გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიც ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.
"ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
- ამ პროცესს ორი მხარე აქვს:
ერთი - დიპლომატიურ-პოლიტიკური, ხოლო მეორე - პრაქტიკული განზომილება. ფაქტია, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, უზარმაზარი სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და იქ ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს. ამავდროულად, "ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, რუსეთთან გაძლიერებულია ეკონომიკური კავშირები და ის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, არსებობს უსაფრთხოების საკითხები, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ისე ზოგადად რეგიონულ კონტექსტში, აღარაფერს ვამბობ რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორსა და მის გავლენაზე. შესაბამისად, გვინდა თუ არა, რუსეთთან შეხება საკითხთა ფართო სპექტრზე გვექნება.

სულ სხვა საქმეა, როგორ აწარმოებს ქართული მხარე ამ დიალოგს იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობითა და სახელმწიფო პოზიციით აღიარებულია, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს და პირდაპირი პოლიტიკური კონტაქტები არ გვექნება. შუალედური რგოლისა და შუამავლების გარეშე პირდაპირ ურთიერთობებზე გადასვლა, თანაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დონეზე, თავისთავად უკვე სკანდალურია, მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა დღეს არსებული სიტუაცია კონკრეტული საკითხების წინ წამოწევასა და გადაჭრას.
ჟენევისა და პრაღის ფორმატები "ქართულ ოცნებას“ აძლევდა საშუალებას, ფორმალურად მაინც შეენარჩუნებინა სახე და ეთქვა, რომ შეხვედრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მესამე მხარის მონაწილეობით იმართება. ეს ფორმატი დღის წესრიგში სხვადასხვა მიმართულების - ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული თუ უსაფრთხოების საკითხების განხილვის შესაძლებლობას იძლეოდა. მაგრამ, როდესაც ფორმატი იცვლება, შუამავალი ქრება, შეხვედრა აღარ იმართება ნეიტრალურ ქვეყანაში, სპეციალური წარმომადგენლის ნაცვლად, პროცესში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ერთვება და შეხვედრა მინსკში (რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთის სივრცეა) ტარდება, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტები უკვე აღიარებულია.
ამ ნაბიჯით ქართულმა მხარემ, რუსეთთან ერთად, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ოკუპაციის, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, პირდაპირი პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობები დაიწყო. ეს არის იმ წესისა და პრინციპის დარღვევა, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული ვიცავდით. თუ აქამდე ვამბობდით, რომ ოკუპანტთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, ახლა ეს კონტაქტი სახეზეა და დარჩენილია მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების ფორმალური აღდგენა.
მეორე საკითხია ის, რომ ამ პირდაპირი კონტაქტების ფარგლებში განიხილება საკითხთა სრული სპექტრი - ეკონომიკური თანამშრომლობა, სოციალური და უსაფრთხოების თემები, კონფლიქტის ზონა, რეგიონული და გლობალური გამოწვევები. წესით, ეს ყველაფერი სწორედ დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დე ფაქტო დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები უკვე გვაქვს, უბრალოდ დე იურე ჯერ არ ვხსნით საელჩოებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა მხოლოდ ფორმალობა და ტექნიკური ინსტრუმენტია ადგილზე ადმინისტრაციული თუ საკონსულო საკითხების მოსაგვარებლად. დე ფაქტო პირდაპირი პოლიტიკურ-დიპლომატიური კონტაქტები უკვე აღდგენილია და შემდეგ ეტაპზე შეიძლება საელჩოების გახსნის საკითხიც დადგეს.
- როგორ გახსნიან საელჩოს იმ პირობებში, როდესაც ოკუპანტ რუსეთს ორი საელჩო უკვე აქვს გახსნილი - ერთი ცხინვალში და ერთი სოხუმში?
- დიახ, ეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამის წინაპირობები აშკარად ჩანს. ასეთ ვითარებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური აღდგენა "ქართული ოცნების“ მხრიდან პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცებისა და სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას.
- როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირსა და აშშ-სთან კრიზისულ ფაზაშია, ხოლო ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროტესტი და პარტიების აკრძალვის პროცესები მიმდინარეობს?
- აღნიშნული საკითხის სწორედ ახლა წამოწევა რუსეთის ბოლოდროინდელ საგარეო-დიპლომატიურ აქტივობას უკავშირდება. ბოლო პერიოდში რუსეთი აქტიურ საგარეო-დიპლომატიურ შეტევას ახორციელებს. ეს პროცესი, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპის მიმართულებით, საკუთარი პოზიციების გამყარებას ისახავს მიზნად - დაშინებით, ჰიბრიდული ოპერაციებით, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით. მოსკოვისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გავლენის განმტკიცება საკუთარ პერიფერიაზე, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში რუსეთს პოზიციები შესუსტებული აქვს, მისთვის გადამწყვეტია საქართველოზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება, ქვეყნის სრული დაქვემდებარება ("იღლიაში ამოდება“) და მისი გადაქცევა რუსული ინტერესების დე ფაქტო ფორპოსტად რეგიონში. რუსეთს კარგად ესმის შექმნილი კონტექსტი: მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ნებით თუ მოსკოვთან კოორდინაციით, ფაქტობრივად, გაწყვიტა ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-თან, ქვეყანას აღარ ჰყავს სერიოზული მოკავშირე და მხარდამჭერი. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი რგოლი სწორედ საქართველოა. მოსკოვისთვის ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია საიმისოდ, რომ პოზიციების გასამტკიცებლად როგორც დიპლომატიური, ისე სხვა ტიპის შეტევა განახორციელოს.
- კონკრეტულად რას შეიძლება მოიცავდეს რუსეთის ეს მოთხოვნები და მიზნები?
- ეკონომიკური ინტეგრაციას და სანქციების გვერდის ავლას: საქართველომ უნდა გააგრძელოს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, არ უნდა შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს და მაქსიმალურად უნდა გაუღოს კარი რუსულ ბიზნესინტერესებს. დიდი ალბათობით, ახლო მომავალში სასანქციო სიებში საქართველოში დაფუძნებულ არაერთ რუსულ კომპანიას ვიხილავთ. ზეწოლის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა სოხუმთან და ცხინვალთან ე.წ. თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება. რუსები პერმანენტულად, ორ თვეში ერთხელ მაინც იმეორებენ, რომ პრინციპულია საოკუპაციო ხაზის ე.წ. დელიმიტაცია და დემარკაცია.
მოთხოვნათა ჩამონათვალში აუცილებლად იქნება ანტიდასავლური კურსის გაღრმავება: კრემლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ანტიდასავლური რიტორიკისა და პოლიტიკის გაგრძელება, რასაც "ქართული ოცნება“ აქამდეც ახორციელებდა. იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსეთი დიდ ზეწოლას ახდენს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებზე და ეს დაპირისპირება შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს, სრულიად ლოგიკურია, რომ ეს პროცესი სწორედ ახლა გააქტიურდა და მომავალშიც გაგრძელდება.
- მინსკის შეხვედრას რუსეთის მხრიდან ახალი სავაჭრო შეზღუდვები უძღოდა წინ - ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური დათმობებისთვის გამოყენების რისკი აშკარაა. რატომ მიდის "ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯზე, ეს ხომ მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია?
- თუ ქართული ეკონომიკის სტრუქტურას შევხედავთ, დავინახავთ, რომ რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობების მქონე ბიზნესების მნიშვნელოვანი ნაწილი "ქართულ ოცნებასთან“ არის დაახლოებული. შესაბამისად, ამ კომპანიებზე რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შეზღუდვა მათ უკმაყოფილებას იწვევს, რაც საბოლოოდ ხელისუფლებაზეც აისახება. მოსკოვმა კარგად იცის, რომ "თაფლაკვერისა და მათრახის“ პოლიტიკით შეუძლია "ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ მასთან დაკავშირებულ ბიზნესწრეებზე ზემოქმედებითაც განახორციელოს. ამ გზით კრემლი მიანიშნებს, რომ მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სავაჭრო შეზღუდვებს გააფართოებს და რუსულ ბაზარზე დამოკიდებულ ბიზნესებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ქართული ოცნება“ დიდწილად სწორედ ბიზნესის შემოწირულებებს ეყრდნობა. შესაბამისად, ეს რუსეთისთვის ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ეფექტიანი ბერკეტია. რუსეთს "ქართული ოცნების“ მიმართ განსაკუთრებული სიმპათია არ აქვს. კრემლმა კარგად იცის, რომ ამ ხელისუფლების მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამისთვის მას, შესაძლოა, ბევრი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადადგმაც მოუწიოს. რუსეთის სტრატეგიული მიზანი კი, ჩემი შეფასებით, ჯერ საქართველოს მიერ ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობის დე ფაქტო და დე იურე აღიარებაა, შემდეგ კი - თითქოს ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი გაერთიანების საფუძველზე, საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის ერთიანი კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა. ამ გაერთიანებას ქართულ საზოგადოებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელით შესთავაზებენ, სანაცვლოდ კი საქართველო დასავლურ კურსსა და ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმას უნდა დათანხმდეს.
- ალბათ ასეთი გეგმის განხორციელება არ შედის სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის ინტერესების, დასავლეთზე რომ აღარაფრი ვთქვათ...
- რა თქმა უნდა, არ შედის. თუ რუსეთმა გაიმყარა აქ თავისი პოზიციები სომხეთი და აზერბაიჯანი და თურქეთი, აბსოლუტურად, სხვა პოზიციაზე იქნებიან და ასეთ მოცემულობაში სწორედ საქართველო იქცევა ფრონტის ხაზად და აქ გავა ძირითადი დაპირისპირების ხაზი სამხრეთ კავკასიაში. დიახ, სწორედ "ოცნების“ გაუაზრებელი პოლიტიკა და რუსეთის მიმართ დათმობები მივყავართ ასეთ საფრთხემდე. ერთია დაბალანსებული პოლიტიკა, რასაც ყველა ემხრობა, მაგრამ, აბსოლუტურად, გაუგებარია ის დათმობების ხაზი, რასაც "ქართული ოცნება“ ახორციელებს რუსეთის მიმართ, ასევე გაუგებარია, უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით რატომ არ იდგმება არავითარი ნაბიჯები. 14 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ არის გადადგმული თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. პირიქით, მინისტრები ჯარის საჭმლის და ბათინკების ფულს პარავენ ჯარისკაცებს. ქართული ჯარი ტექნიკური და საბრძოლო აღჭურვილობით ბევრად ჩამორჩება როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს, თურქეთზე აღარაფერს ვამბობ. ასე რომ, თითქოს მშვიდობის დაცვის სლოგანით გატარებული პოლიტიკას სინამდვილეში სწორედ კონფლიქტის, დაძაბულობისა და ესკალაციის საფრთხემდე მივყავართ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი ამ საკითხზე. ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არ აქვს უნარი, კონსოლიდირებულად დააფიქსიროს პოზიცია მთელ რიგ საკითხებზე და, როგორც მინიმუმ, მსოფლიო საზოგადოებას დაანახოს, რომ ერთია "ქართული ოცნება“ და სხვაა დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი. ვერც კი იაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია პოზიციების კონსოლიდირებულად დაფიქსირება ისეთ საკითხებზე, როგორიც, მაგალითად, მინსკის შეხვედრაა. მათ იმაზეც კი არ ამოიღეს ხმა, თურქეთში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი რომ შექმნა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ როგორც "ქართულ ოცნებაში“, ისე ქართულ ოპოზიციაში სახელმწიფოებრივი აზროვნების სერიოზული დეფიციტია.