ავტორი:

მსახიობი ქალი ჟერარ დეპარდიესა და მიშელ უელბეკს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - რა ხდება ცნობილი "ჯგუფური გაუპატიურების" საქმეზე?

მსახიობი ქალი ჟერარ დეპარდიესა და მიშელ უელბეკს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს  - რა ხდება ცნობილი "ჯგუფური გაუპატიურების" საქმეზე?

BBC-ის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება მსახიობ ჟერარ დეპარდიესა და მწერალ მიშელ უელბეკის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს "სექსუალური ხასიათის ბრალდებებთან“ დაკავშირებით, - ამის შესახებ გამოცემას გამოძიების მიმდინარეობასთან დაახლოებულმა წყარომ შეატყობინა.

დადასტურება იმისა, რომ მსგავსი გამოძიება მიმდინარეობს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ორ ცნობილ ადამიანს "ჯგუფურ გაუპატიურებაში“ ადანაშაულებს მსახიობი ქალი, რომელიც 2018 წელს ფილმ "Thalasso“-ში (ინგლისურენოვანი ვერსიით, "Just Great") მონაწილეობდა.

წყარომ BBC-ის განუცხადა, რომ სასამართლო გამოძიება 2025 წლის მაისში შეტანილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

დეპარდიე უკვე ნასამართლევია სექსუალური ძალადობის სხვა, ამ საქმესთან დაუკავშირებელი შემთხვევების გამო. BBC-მ კომენტარისთვის მიმართა დეპარდიეს ადვოკატებსა და უელბეკს - ცნობილ ფრანგ მწერალსა და მოყვარულ მსახიობს. პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის კომენტარები მიღებული არ ყოფილა.

დაზარალებულმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გაუპატიურების შესახებ პირველად ფრანგული საგამოძიებო ვებგვერდისთვის, Mediapart-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან დეპარდიე თანხმობის გარეშე შეღწევით სქესობრივ აქტში დაადანაშაულა, ხოლო უელბეკი - ორალური სექსის იძულებაში.

მსახიობმა და მოცეკვავემ, რომელიც იმ დროს 32 წლის იყო, Mediapart-ს უამბო, რომ იგი შიშველი სცენების შესასრულებლად დაიქირავეს, თუმცა ამ სცენასთან დაკავშირებით, რომელიც არანაირ სექსუალურ ქმედებას არ ითვალისწინებდა, მისთვის მკაფიო მითითებები არასოდეს მიუციათ.

საფრანგეთის კანონმდებლობა 2025 წლიდან მეორე მხარის თანხმობის გარეშე ჩადენილ ნებისმიერ სექსუალურ ქმედებას გაუპატიურებად აკვალიფიცირებს.

ფილმის რეჟისორს, გიიომ ნიკლუს, თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ ინციდენტს კამერით იღებდა - ამის შესახებ Mediapart-ი და სააგენტო AFP იტყობინებიან. BBC-მ კომენტარისთვის მის აგენტსა და პარიზის პროკურატურასც მიმართა.

ნიკლუმ Mediapart-ს განუცხადა, რომ ეს სცენა იმპროვიზებული იყო და ის არ ჩარეულა, რადგან ვერ შეამჩნია "ვერანაირი შეზღუდვა, სიტყვიერი ან ფიზიკური წინააღმდეგობა და დისკომფორტიც კი“.

გამოცემამ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ სცენის გადაღებული მასალა განადგურდა.

მსახიობმა გამოცემას უამბო, რომ იმ დროს მან მომხდარის შესახებ აცნობა მეგობრებს, თავის აგენტსა და ნორმანდიაში ფილმის გადაღებებში მონაწილე სხვა პირებს, თუმცა საჩივარი მხოლოდ მას შემდეგ შეიტანა, რაც დეპარდიე სექსუალურ შევიწროებაში სხვა ქალებმაც დაადანაშაულეს.

მომავალ კვირას დეპარდიე შეიტყობს, მოუწევს თუ არა სასამართლოს წინაშე წარდგომა კიდევ ერთი მსახიობის, შარლოტა არნოს სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით.

ორშაბათს დეპარდიემ გაიწვია სააპელაციო საჩივარი ცალკეულ განაჩენზე, რომელიც სხვა ფილმის გადაღებების დროს სექსუალური შევიწროების ორ პუნქტს შეეხებოდა და რისთვისაც მას 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

77 წლის მსახიობის წინააღმდეგ ბრალდებებით მედიაში კიდევ რამდენიმე ქალი გამოვიდა.

მიშელ უელბეკიც არაერთხელ აღმოჩენილა სასამართლო პროცესების წინაშე საფრანგეთში, თუმცა მაშინ ბრალდებები ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივებას შეეხებოდა. 2002 წლის საქმე გამამართლებელი განაჩენით დასრულდა, ხოლო დისკრიმინაციის, სიძულვილის ან ძალადობის წაქეზებაში თანამონაწილეობის მორიგი ბრალდებები 2026 წლის ნოემბერში წაუყენეს და საქმე ჯერ სასამართლოსთვის არ გადაუციათ.