ჯუნა (ევგენია) დავითაშვილი საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, გავლენიანი და საინტერესო ფენომენია. ქალი, რომელმაც უბრალო სოფლიდან კრემლის უმაღლესი ეშელონების, მსოფლიო ვარსკვლავებისა და პოსტსაბჭოთა ელიტის კულუარებში შეაღწია და ოფიციალურად აღიარებული ექსტრასენსი გახდა. ის იყო პირველი "სახელმწიფო მკურნალი", რომლის ხელისგულებიდან წამოსულ ენერგიას მილიონობით ადამიანი ზებუნებრივ ძალას მიაწერდა.

1980-იანი წლების საბჭოთა ათეისტურ იმპერიაში, სადაც ყოველგვარი მისტიციზმი აკრძალული იყო, მოულოდნელად გამოჩნდა ქალი შავი სამოსით, რომელიც კი არ ემალებოდა სპეცსამსახურებს, პირიქით, კრემლის ელიტამ მას ოფიციალური აღიარება, ლაბორატორიები და ხელშეუხებლობა მიანიჭა.
ევგენია სარდისი (სარდისი ჯუნას პირველი ქმრის გვარია) კრასნოდარის მხარეში, ასურულ სოფელ ურმიაში დაიბადა. ეს სოფელი ირანიდან, ურმიის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან დევნილმა ასურელებმა 1924 წელს დააარსეს, თუმცა მისი, როგორც "ჯუნას" დაბადება და აღზევება სწორედ თბილისს უკავშირდება.
საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში გადმოსვლის მერე ჯუნამ მუშაობა დაიწყო მიხეილ ოგანეზოვის კაფეში, სადაც თავისი უჩვეულო თვისებებითა და "უკონტაქტო მასაჟის“ წყალობით სწრაფად მიიპყრო ადგილობრივი ელიტისა და ჩინოვნიკების ყურადღება. სწორედ თბილისში გაიცნო მან მომავალი მეუღლე ვაჟა დავითაშვილი - საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის რეფერენტი (თანაშემწე).
ქორწინებამ ჯუნას არა მხოლოდ ქართული გვარი მისცა, არამედ რესპუბლიკის მმართველი წრეებისა და ე.წ. მაღალი საზოგადოების კარიც გაუხსნა. მისი პირველი ძლიერი მფარველი თავად ედუარდ შევარდნაძე იყო. საქართველოს კომუნისტი ლიდერი ახალგაზრდა ქალის ფენომენით არა მარტო დაინტერესდა, არამედ საკუთარ გარემოცვაშიც აქტიურად ლობირებდა. შევარდნაძესა და ჯუნას შორის ჩამოყალიბდა თბილი, მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ათწლეულებს გაჰყვა და შენარჩუნდა მაშინაც, როდესაც შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით კი დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
ჯუნას მკურნალობის მეთოდი ტრადიციულ მედიკამენტებს ან ხალხურ მცენარეულ რეცეპტებს არ ეფუძნებოდა. მისი მთავარი იარაღი ე.წ. უკონტაქტო მასაჟი და ადამიანის ბიოველზე ზემოქმედება იყო (ბიოველი ეზოტერიკული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს თითოეული ცოცხალი ორგანიზმის - ადამიანის, ცხოველის, მცენარის - გარშემო არსებულ ენერგეტიკულ გარსს ანუ აურას. მეცნიერული თვალსაზრისით, ბიოველი, როგორც ფიზიკური რეალობა, არ არსებობს და არ არის აღიარებული. თუმცა, ეზოტერიკაში, ალტერნატიულ მედიცინასა და პარაფსიქოლოგიაში ითვლება, რომ ეს არის ელექტრომაგნიტური, სითბური ან სხვა ტიპის ენერგიების ერთობლიობა, რომელიც ორგანიზმიდან გამოიყოფა და მის ჯანმრთელობაზე, განწყობასა თუ ემოციურ ფონზე მიუთითებს.

პაციენტებთან მუშაობისას ჯუნა არ იყენებდა სამედიცინო აპარატურას. ის უბრალოდ, პაციენტის სხეულიდან 5-10 სანტიმეტრის დაშორებით ხელისგულებს მოატარებდა. ჯუნა ამტკიცებდა, რომ გრძნობდა ორგანიზმიდან წამოსულ ტემპერატურულ ცვლილებებსა და ენერგეტიკულ რხევებს, ეძებდა "ცივ" ან "ცხელ" ზონებს, რაც, მისი მტკიცებით, ზუსტად მიუთითებდა დაავადებულ ორგანოთა ადგილმდებარეობაზე.

სეანსი შედგებოდა სპეციფიკური, რიტმული და ფრთხილი ხელის მოძრაობებისგან (ე.წ. პასებისგან), რომლებსაც ის თავისა და სხეულის გასწვრივ ატარებდა. სეანსის დროს პაციენტები ხშირად აღწერდნენ ფიზიკურ შეგრძნებებს: სითბურ ტალღას, მსუბუქ ჩხვლეტას ან გრილი ნიავის მსგავს დინებას.

საბჭოთა ხელისუფლებამ ჯუნას ფენომენი უყურადღებოდ არ დატოვა. მოსკოვის რადიოტექნიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტში (ИРЭ) აკადემიკოს იური გულიაევის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მისი მკურნალობის მეთოდს აკვირდებოდა. მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ სეანსების დროს ჯუნას თითის წვერებიდან და ხელისგულებიდან ძლიერი ინფრაწითელი (სითბური) და ელექტრომაგნიტური გამოსხივება გამოიყოფოდა, რამაც საბჭოთა მეცნიერებს საბაბი მისცა, ჯუნა უბრალო შარლატანად არ გამოეცხადებინათ გააგრძელეთ კითხვა