აზერბაიჯანელი ყოფილი ტანმოვარჯიშის, ზეინაბ ჯავადლის ისტორია საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. 35 წლის ქალი, რომელიც დუბაის მმართველი ოჯახის წევრის ყოფილი მეუღლეა, ამტკიცებს, რომ 2026 წლის ივნისში შეიარაღებული და ნიღბიანი პირები მის სახლში შეიჭრნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, იძულებით გაუკეთეს პრეპარატები და სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი წაიყვანეს. ჯავადლის თქმით, მას შემდეგ შვილები აღარ უნახავს.
ხუთი თვის შემდეგ ქალი კვლავ დუბაიში იმყოფება, ქვეყნის დატოვება არ შეუძლია, საცხოვრებელი დაკარგული აქვს და საკუთარი შვილების გატაცების ბრალდებით სასამართლო პროცესის მოლოდინშია. 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მისმა ადვოკატებმა საქმე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ პროცედურებს გადასცეს და საერთაშორისო ჩარევა მოითხოვეს. ამავე დღეს გაუქმდა ჯავადლის Instagram-ანგარიშიც.
ზეინაბ ჯავადლი აზერბაიჯანელი ყოფილი რიტმული ტანმოვარჯიშეა. სპორტული კარიერის განმავლობაში ის აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მედლები მოიპოვა. 2007 და 2009 წლებში მსოფლიო ჩემპიონატებზე მისი გუნდი ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

2015 წელს ზაინაბი შეიხ საიდ ბინ მაქთუმ ბინ რაშიდ ალ მაქთუმზე დაქორწინდა. ის დუბაის ყოფილი მმართველის შვილი და ამჟამინდელი მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმის ძმისშვილია. შეიხ საიდი ბიზნესმენია და ოლიმპიურ თამაშებზე თიხის სამიზნეზე სროლაში არაერთხელ წარმოადგენდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინა: სანა, ასია და სალმა, რომლებიც ამჟამად, ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10, 8 და 7 წლის არიან.
ქორწინება 2019 წელს დასრულდა. BBC-ის ინფორმაციით, ჯავადლისა და შეიხ საიდს შორის განქორწინების შემდეგ ბავშვების მეურვეობაზე ხანგრძლივი დავა დაიწყო, რომელიც წლების განმავლობაში არ დასრულებულა.
განქორწინების შემდეგ თავდაპირველად დუბაის სასამართლომ სამი ქალიშვილის მეურვეობა დედას მიანიჭა. მოგვიანებით, მოსამართლეების ცვლილების შემდეგ, გადაწყვეტილება შეიცვალა და ბავშვების მეურვეობა მამას გადაეცა. ზეინაბი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. მისი პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ასახავდა ბავშვების ინტერესებს და არ ითვალისწინებდა იმ შეთანხმებას, რომელიც, მისი მტკიცებით, დუბაის მმართველთან, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმთან იყო მიღწეული.
ჯავადლის ადვოკატების განცხადებით, 2022 წელს, მას შემდეგ, რაც ქალმა გაეროს დახმარებისთვის პირველად მიმართა, დუბაის მმართველის ჩარევით შეთანხმება შედგა: ქალიშვილები სრულწლოვანებამდე დედასთან იცხოვრებდნენ, ოჯახს საცხოვრებელი სახლი, ავტომობილი, მძღოლი და ყოველთვიური ფინანსური დახმარება ექნებოდა. სანაცვლოდ, ზაინაბს საჯარო განცხადებებისგან თავი უნდა შეეკავებინა და გაეროში შეტანილი საჩივარი გაეწვია.
ადვოკატების მტკიცებით, შეთანხმება მომდევნო სამი წლის განმავლობაში დუბაის პოლიციის მონაწილეობით სრულდებოდა. პოლიციის თანამშრომლები ბავშვებს მამასთან ვიზიტებზე აცილებდნენ და შემდეგ დედასთან აბრუნებდნენ, ხოლო ფინანსურ დახმარებასაც თავად აწვდიდნენ.

ზეინაბის ადვოკატის, დევიდ ჰეიგის განცხადებით, 27 სექტემბერს ბავშვები მამის სანახავად დუბაის პოლიციის მიერ ორგანიზებული ვიზიტით წავიდნენ, თუმცა შეიხ საიდმა ისინი დედასთან აღარ დააბრუნა.
ჯავადლის ვერსიით, ქალიშვილები 42 დღის განმავლობაში მამასთან იმყოფებოდნენ. 8 ნოემბერს მან ბავშვები უკან დაიბრუნა, რასაც მოჰყვა ახალი სამართლებრივი დავა და მის წინააღმდეგ გატაცების ბრალდებით საჩივარი.
საქმეში ყველაზე მძიმე ეპიზოდი 2026 წლის ივნისში განვითარდა. ზეინაბის ადვოკატების ინფორმაციით, 2 ივნისის ღამეს დაახლოებით 18 შეიარაღებული და ნიღბიანი პირი მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ჯავადლის მტკიცებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, იძულებით გაუკეთეს პრეპარატები და სამი ქალიშვილი საწოლებიდან წაიყვანეს.
ქალი ამბობს, რომ გოგონები ყვიროდნენ და ტიროდნენ, თავად კი მათ დასაცავად არაფრის გაკეთება შეეძლო.
გაეროსთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ჯავადლი ამტკიცებს, რომ ექვსი დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონდა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა, არ იცოდა, სად იყვნენ შვილები და რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
"ბოლო, რაც ჩემმა გოგონებმა დაინახეს, მათი დედა იყო – ჩვენი სახლის იატაკზე დაგდებული, ნაცემი და გათიშული. ბოლო, რაც მე გავიგონე, მათი ყვირილი იყო“, - ამბობს ზეინაბი.
მისი ადვოკატების განცხადებით, დაკავების პერიოდში ქალს თვალებახვეულს კითხავდნენ და იძულებით ჩააწერინეს ვიდეო აღიარება.
ჯავადლის ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იგებდა, სად იმყოფებოდა ქალი და მისი შვილები. ადვოკატის ინფორმაციით, ზეინაბის 66 წლის დედა დუბაიში ჩავიდა, თუმცა აეროპორტში დააკავეს. მოგვიანებით, როდესაც ქალიშვილის სახლში მივიდა, აღმოაჩინა, რომ საცხოვრებელი ცარიელი იყო, კარის საკეტები კი შეცვლილი.
4 ივნისს ადვოკატმა დევიდ ჰეიგმა საერთაშორისო დახმარების თხოვნით მიმართა მედიას. 5 ივნისს დუბაის პროკურატურამ BBC-ს დაუდასტურა, რომ ზაინაბ ჯავადლი დაკავებული იყო.
ოფიციალური განმარტებით, დაკავება მისი ყოფილი მეუღლის საჩივარს უკავშირდებოდა. პროკურატურის განცხადებით, შეიხ საიდი ამტკიცებდა, რომ ჯავადლიმ ბავშვები სასამართლოს მიერ ნებადართული შეხვედრის დროს გაიტაცა.
8 ივნისს, ექვსდღიანი დაკავების შემდეგ, ზეინაბი პოლიციის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, ადვოკატების ცნობით, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა და შვილებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცემია.
"ბავშვების გატაცებაში მადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ცხოვრება ჩემთან ცხოვრობდნენ“
გათავისუფლების შემდეგ ზეინაბ ჯავადლის წინააღმდეგ რამდენიმე სამართლებრივი ბრალდება გაჩნდა. მას საკუთარი შვილების გატაცებასა და კიბერდანაშაულში ადანაშაულებენ. კიბერდანაშაულის ბრალდებები, ადვოკატების განმარტებით, იმ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებსა და მიმართვებს უკავშირდება, რომლებშიც ქალი დახმარებას ითხოვდა.
11 ნოემბერს ზეინაბ ჯავადლი და მისი 66 წლის დედა ბავშვების გატაცების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ადვოკატების ცნობით, დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მოსამართლეს გადაწყვეტილება 18 ნოემბერს უნდა გამოეცხადებინა. თუმცა, ამ დღეს სასამართლო პროცესში მოულოდნელი ცვლილება მოხდა: მოსამართლემ საქმიდან თვითაცილება გამოაცხადა და მასალები სისხლის სამართლის სასამართლოს თავმჯდომარეს გადაეცა ახალი მოსამართლის დასანიშნად.
ჯავადლის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლემ გადაწყვეტილებაში მიუთითა "უხერხულობის განცდაზე“. ამ დროისთვის ახალი მოსამართლე დანიშნული არ არის, განაჩენი არ გამოტანილა და მომდევნო სხდომის თარიღიც უცნობია.
შესაბამისად, ჯავადლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე დასრულებული არ არის და მის ბრალეულობაზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს.
19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზეინაბ ჯავადლიმ თავისი ინტერესების დასაცავად ცნობილი საერთაშორისო უფლებადამცველი ადვოკატი როდნი დიქსონ KC დაიქირავა. დიქსონი Temple Garden Chambers-ის ადვოკატია და წარსულში დუბაის მმართველის ქალიშვილის, პრინცესა ლატიფას საქმეზეც მუშაობდა. სწორედ მან წარადგინა 2021 წელს გაეროში ლატიფას საკითხთან დაკავშირებული საჩივარი.
18 ნოემბერს დიქსონმა ზაინაბის სახელით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ პროცედურებს გადაუდებელი მიმართვა გაუგზავნა. 23-გვერდიან დოკუმენტს, ადვოკატების ცნობით, 27 დანართი და საერთო ჯამში 672-გვერდიანი მასალები ახლავს.
ადვოკატები გაეროსგან ითხოვენ:
დაადგინოს, სად იმყოფებიან ზეინაბის სამი ქალიშვილი და როგორია მათი მდგომარეობა; უზრუნველყოს ბავშვებთან ჰუმანიტარული ვიზიტის შესაძლებლობა; გამოიძიოს ჯავადლის დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის გარემოებები; შეისწავლოს მის მიმართ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები; უზრუნველყოს ქალისთვის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. თავად ზეინაბი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ შვილების დაბრუნება სურს.

ვიდეომიმართვაში ქალი იხსენებს 2022 წლის შეთანხმებასაც. მისი თქმით, მაშინ უთხრეს, რომ თუ გაჩუმდებოდა და საჯაროდ აღარ ისაუბრებდა, შვილებთან დარჩენის შესაძლებლობა ექნებოდა.
"მითხრეს: გაჩუმდი და შვილებს შეინარჩუნებ. მეც გავჩუმდი. სამი წლის განმავლობაში სიტყვაც არ მითქვამს, თუმცა ჩემ მიმართ ძალადობა არ შეწყვეტილა. შემდეგ კი ღამით მოვიდნენ და შვილები მაინც წამართვეს“, - ამბობს ჯავადლი.
ჯავადლის საქმე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს იმის გამოც, რომ მისი ყოფილი მეუღლე დუბაის მმართველი ოჯახის წევრია.
შეიხ საიდის ბიძა დუბაის მმართველი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმია, რომლის ოჯახთან დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული სასამართლო დავა წარსულშიც გახდა საერთაშორისო მედიის ყურადღების საგანი.