ავტორი:

ქუთაისში კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "სოკარ ჯორჯია გაზი“ განცხადებას ავრცელებს - რა გაირკვა კომპანიის შემოწმების შედეგად

ქუთაისში კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "სოკარ ჯორჯია გაზი“ განცხადებას ავრცელებს - რა გაირკვა კომპანიის შემოწმების შედეგად

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "სოკარ ჯორჯია გაზი“ განცხადებას ავრცელებს.

  • კომპანიის ინფორმაციით, აბონენტთან გეგმური შემოწმება ოქტომბერში ჩატარდა. შემოწმების შედეგად, წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო გაზმომარაგების ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა. მომხდარის სხვა დეტალები გამოძიების ფარგლებში დადგინდება.

"აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან. თუნდაც მცირედი ეჭვის დროს, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე: 16 114“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა, რომელსაც ხელის არეში დაზიანება აღენიშნება. შემთხვევის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ექიმ გიორგი აბესაძის ინფორმაციით, დაშავებულ ქალს სხეულის ზედაპირის 12% აქვს დამწვარი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას თერმოინჰალაციური დაზიანება და ქრონიკული დაავადებები აღენიშნება.