დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წერილის თანახმად, დანია ითხოვს, რომ ევროკავშირმა შენგენის ზონაში შესვლაზე რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს. ასევე, დანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებასა და რუსული არაბიომეტრიული პასპორტების აღიარების შეწყვეტას სთავაზობს.
Reuters-ის ცნობით, დანია თავის წინადადებას ოფიციალურად ბრიუსელში, 23 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე წარადგენს.
ცნობისთვის, დანიამ აღნიშნული წინადადებით ევროკავშირს მას შემდეგ მიმართა, რაც 20 ნოემბერს დანიის პოლიციამ გამოაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის დაკვეთით დაგეგმილი უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს. ადგილობრივმა სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი დანიაში მცხოვრებ ორ მამაკაცს წაუყენა. დაკავებულები რუსეთის დაზვერვის დაკვეთით, უკრაინელი რეპერის Kyivstoner-ის მკვლელობას გეგმავდნენ, რომლის კონცერტიც დანიაში სექტემბერში უნდა გამართულიყო. დანიის პოლიციამ ეჭვმიტანილები დაგეგმილ კონცერტამდე დააკავა.
განვითარებული მოვლენების ფონზე, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშის გაძევებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა.