ავტორი:

"ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, როდესაც ჩვენ ვითხოვდით გასახლებას... კორპუსს ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული" - ადგილობრივი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე

"ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, როდესაც ჩვენ ვითხოვდით გასახლებას... კორპუსს ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული" - ადგილობრივი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე

ფონიჭალაში, იმ კორპუსის მცხოვრებლები, რომელშიც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ შენობა დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა, ლუკა მელაშვილმა "ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, კორპუსი წლებია სავალალო მდგომარეობაშია, რის გამოც მოსახლეობა შენობიდან გასახლებას ჯერ კიდევ წლების წინ ითხოვდა.

  • მელაშვილის განმარტებით, ამას ადასტურებს აზიის განვითარების შესაბამისობის შემსწავლელი კომისიის დასკვნაც, რომელიც 2016 წელს გაიცა. მისივე თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსახლეობა აღნიშნული კორპუსიდან უსაფრთხო ადგილას უნდა ყოფილიყო გადაყვანილი.

"ჩვენი კორპუსის უკან უნდა გასულიყო თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანი. ამ კორპუსს ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული და როგორც ტექნიკოსები აცხადებენ, იმიტომ გამოიწვია ყველა იატაკის ჩავარდნა, რომ "სინკარებს" არ ჰქონდათ ის სიმძლავრე, რაც უნდა ჰქონოდა. მე კიდევ ვამბობ, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, როდესაც ჩვენ ვითხოვდით გასახლებას 2016-ში, 17-ში, 18-ში. მუნიციპალური განვითარების ფონდის და თბილისის მერიის კეთილი ნება რომ ყოფილიყო, ჩვენ ამ ტრაგედიას ავიცილებდით.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მაშინ გვითხრა გაგასახლებთ სამი თვით, შევაკეთებთ და გავამაგრებთ კორპუსს და შემდეგ დაბრუნდითო, რაზე უარი ვთქვით. ჩვენს მივმართეთ აზიის განვითარების შესაბამისობის შემსწავლელ კომისიას, რომელიც ცალკე დეპარტამენტია, ჩამოვიდნენ და დადო რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო კორპუსიდან მოსახლეობის გასახლება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ვერ აიძულებდნენ მოსახლეობას, რომ გავესახლებინეთ, მაგრამ რეკომენდაციას აძლევდნენ ამის თაობაზე", - ამბობს ლუკა მელაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას, კორპუსში აფეთქებას და ამით გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.