ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი წიგნის, "ჩატეხილი ხიდის" აღმოჩენას სკანდალი მოჰყვა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას და 1992-1993 წლების ომის თემას ეხება, სეპარატისტებმა "პროპაგანდისტულად" და "გაყალბებულ ისტორიად" გამოაცხადეს. თავდაპირველად განგაში ოპოზიციურმა სააგენტო "აიაშარამ" ატეხა - დაწერა, რომ წიგნი, რომელიც აფხაზებს ქართველი მოსახლეობის მკვლელებს უწოდებს, გალის რაიონის ახალგაზრდებსა და სოფლის სკოლების მასწავლებლებში ვრცელდება.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, 18 აგვისტოს ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზმა და რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მომავალი "მერსედესი" შეამოწმეს. მანქანას გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის მკვიდრი, "ენგურჰესის" თანამშრომელი ავთანდილ ბერაია მართავდა. მას "ჩატეხილი ხიდის" ხუთი ეგზემპლარი ჩამოართვეს. უწყების ცნობით, ბერაიას დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ წიგნები გალში გასავრცელებლად ავტორის, ნუგზარ სართანიას თხოვნით მიჰქონდა. წიგნი საქართველოს ტერიტორიაზეა გამოცემული და მისი ტირაჟი 200 ეგზემპლარს აღემატება. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბერაიასთან "პროფილაქტიკური გასაუბრება" ჩატარდა და ის გაათავისუფლეს, ხოლო წიგნის ავტორ ნუგზარ სართანიასა და იმ პირებს, რომლებმაც მას წიგნის შედგენასა და გამოცემაში დახმარება გაუწიეს, აფხაზეთში შესვლა აეკრძალათ.
"წიგნი აფხაზურ-ქართული ურთიერთობების თემას ეძღვნება. მასში საუბარია ომის შემდეგ ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ომი, სავარაუდოდ, გარე ძალების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ჩარევით დაიწყო. ასევე საუბარია აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნის უარყოფით გავლენაზე", - ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
"წიგნში ასევე მოცემულია ცნობები 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის პერიოდის შესახებ და საუბარია ე.წ. აფხაზ სეპარატისტთა სისასტიკეზე, რომლებიც, როგორც წიგნშია აღნიშნული, აფხაზეთის მშვიდობიან მოსახლეობაში ეთნიკურად ქართველთა განადგურებას ეწეოდნენ", - წერია განცხადებაში.
წიგნის ავტორი ნუგზარ სართანია გალელია და ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში შპს "ენგურჰესის" გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. წიგნის გამოცემის შესახებ მან 2026 წლის ივლისში საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა: "წიგნი იწყება აფხაზეთის თემატიკით, შეტანილია სხვადასხვა ავტორის საინტერესო პუბლიკაციები, გარკვეული ნაწილი ეთმობა საზოგადოებრივ და პროფესიულ საქმიანობას, ბოლოს კი მეგობრებსა და ოჯახზეა საუბარი", - წერს ავტორი. აფხაზეთში ატეხილი სკანდალის შემდეგ სართანიამ "ფეისბუკის" გვერდი დახურა.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის "ლმობიერებით" უკმაყოფილებას არ მალავს გამოცემა "აიაშარა". მისი მტკიცებით, წიგნი აფხაზებს სეპარატისტებსა და მკვლელებს უწოდებს და აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს. გამოცემა უკმაყოფილოა, რომ ამ "გაყალბებული და პროპაგანდისტული" წიგნის გამოცემისა და გავრცელებისთვის არავინ დასჯილა.
"წიგნის გამავრცელებელი ბერაია ენგურჰესის თანამშრომელია. ის წიგნის შედგენაში განსაკუთრებული დახმარებისთვის მადლობას უხდის ასევე ენგურჰესის ენერგეტიკოსებს, ხარისხის მართვის სამსახურის სპეციალისტ ბადრი ბაძაგუასა და თანამშრომელ ოთარ მიქავას. არსებული ინფორმაციით, ყველა ეს ადამიანი კვლავ ენგურჰესში მუშაობს, წიგნების გავრცელება გალის რაიონის მოსახლეობას შორის გრძელდება, ხოლო აფხაზი ხალხის შეურაცხყოფისა და ისტორიის ფალსიფიკაციისთვის დღემდე სს საქმეც არ აღძრულა", - აღშფოთებით წერს "აიაშარა" და რუსულად თარგმნილი წიგნის ნაწყვეტებსაც აქვეყნებს:
"ათასობით ადამიანი მოკლეს საშინელი წამებისა და დამცირების შემდეგ. ძალიან ხშირად სეპარატისტები და ოკუპანტები აიძულებდნენ მსხვერპლს, თავად ამოეთხარა საფლავი, სადაც შემდეგ ცოცხლად მარხავდნენ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ შენობაში, ყველაზე ხშირად საკუთარ სახლში, კეტავდნენ ცალკეულ პირებს ან მთელ ოჯახებს, ზოგჯერ კი დიდ ჯგუფებსაც და ცოცხლად წვავდნენ. არცთუ ცოტაა მაგალითი იმისა, როდესაც ცოცხალ ადამიანებს და გვამებს ბენზინს ასხამდნენ და წვავდნენ. როგორც ჩანს, ოკუპანტებს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა უმწეო ადამიანების საშინელი წამება მათ დახვრეტამდე. მათ აჭრიდნენ ფეხებსა და ხელებს, ასევე ცხვირს, ყურებს, ენას, სასქესო ორგანოებს, სთხრიდნენ თვალებს, აძრობდნენ ფრჩხილებსა და კბილებს. ცნობილია მაგალითები, როდესაც ტყვე მამაკაცების თვალწინ აუპატიურებდნენ მათ დედებს, ცოლებს, ქალიშვილებს, დებს და შემდეგ ყველა მათგანს ფიზიკურად ანადგურებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბოროტმოქმედები ნათესავებს არ აძლევდნენ დახვრეტილთა დაკრძალვის უფლებას, რათა მათი სხეულები ძაღლებისა და ღორების საჯიჯგნი გამხდარიყო. 1992 წლის სექტემბერში სოფელ ბზიფში მოკლულ კაცს მკლავიდან ხორცი ააჭრეს, დაამარილეს, ფეხსაცმელში ჩადეს და მის ცოლს გადასცეს. 1993 წლის 10 ოქტომბერს ზემო კელასურის მცხოვრებს (სოხუმის რაიონი) იროდიონ ფიფიას გული ამოაჭრეს და ძაღლებს მიუგდეს.…ეთნიკური წმენდისა და გენოციდის საკმაოდ გავრცელებულ ფორმებს წარმოადგენდა ადამიანების ხეებზე, ელექტროძელებზე ჩამოკიდება, აგრეთვე საკუთარ ჭაში დახრჩობა"...…
სხვადასხვა სოცქსელში აფხაზების უკმაყოფილო კომენტარებიც მრავლადაა. მათი ავტორები უმეტესად "ენგურჰესის" თანამშრომლების დაპატიმრებას მოითხოვენ.
"ბერაია უნდა დაადეპორტო თავის სამშობლოში, არადა, ისევ მუშაობს "ენგურჰესში". სამშობლოს ღალატისთვის უნდა აგონ პასუხი! ასე მოქცევას მომავალშიც გააგრძელებენ, რადგან მათ არავინ სჯის. სამივეს სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო", - წერენ კომენტარებში.
"ჩატეხილი ხიდი მართლაც უნდა გამთელდეს, მაგრამ ვისაც ეს თემა არ აწყობს, მისი რეაქციაც ისეთია...“ განაგრძეთ კითხვა