ავტორი:

რატომ გამოსახავდნენ საუკუნეების წინ იესო ქრისტეს წვერის გარეშე და სად არის აღმოჩენილი უნიკალური ფრესკა, სადაც მაცხოვარი ყმაწვილკაცობაში ცხვრებს მწყემსავს?

რატომ გამოსახავდნენ საუკუნეების წინ იესო ქრისტეს წვერის გარეშე და სად არის აღმოჩენილი უნიკალური ფრესკა, სადაც მაცხოვარი ყმაწვილკაცობაში ცხვრებს მწყემსავს?

საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია 2025 წელს, თურქეთში აღმოჩენილმა იესო ქრისტეს ფრესკამ, სადაც ის წვერის გარეშე, “კეთილი მწყემსის“ სახით არის წარმოდგენილი.

ჰისარდერეს ნეკროპოლისში გათხრების დროს, თურქეთის ქალაქ იზნიკთან ახლოს მომუშავე არქეოლოგებმა III საუკუნის მიწისქვეშა სამარხში იესო ქრისტეს იშვიათი ფრესკა აღმოაჩინეს: ნახატი იმდენად კარგადაა შემონახული, რომ ამჟამად რეგიონში ადრეული ქრისტიანული არქეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად ითვლება.

გამოსახულებაზე იესო “კეთილი მწყემსის“ სახითაა წარმოდგენილი: ის არის ყმაწვილკაცი, წვერის გარეშე, რომელსაც რომაული სამოსი აცვია. მხრებზე ცხვარი ჰყავს გადაკიდებული და გარშემორტყმული სხვა ცხოველებითა და მცენარეებით.

წამყვანი არქეოლოგი გიულსენ კუტბაი მას აღწერს, როგორც შესაძლოა ანატოლიაში, უზარმაზარ ისტორიულ ტერიტორიაზე, რომელიც თანამედროვე თურქეთის უმეტეს ნაწილს მოიცავს, ამ ტიპის ერთადერთ ცნობილ ნიმუშს.

“თურქეთში, ძველი ნიკეის ტერიტორიაზე, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სავარაუდოდ III საუკუნით დათარიღებული ფრესკა, რომელზეც იესო ქრისტე “კეთილი მწყემსის“ სახით არის წარმოდგენილი.

ფრესკაზე ქრისტე ახალგაზრდა, უწვერულ მამაკაცად არის გამოსახული, რომელსაც მხრებზე ცხვარი ჰყავს გადაკიდებული.

აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრექრისტიანული ხელოვნების ისტორიისათვის. იგი გვიჩვენებს, როგორ წარმოედგინათ მაცხოვარი ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, ჯერ კიდევ ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების (325 წ.) ჩატარებამდე,“ - ასე ახასიათებს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია უნიკალურ აღმოჩენას.

  • აღსანიშნავია, რომ ადრეული ქრისტიანული ხელოვნების ყველაზე ცნობილი ფრესკებსა და მოხატულობებში იესო ქრისტე ხშირად გამოსახულია ახალგაზრდა, წვერის გარეშე - ანტიკური “კეთილი მწყემსის“, ფილოსოფოსის ან მზე-ღვთაებების იკონოგრაფიული ტრადიციის გავლენით.

ასეთი ფრესკები აღმოაჩინეს:

რომის კატაკომბებში (II–IV საუკუნეები): მაგალითად, წმინდა კალისტეს, პრისცილასა და დომიტილას კატაკომბებში, იესო ახალგაზრდა მწყემსად ან მოძღვრად არის წარმოჩენილი.

დურა-ევროპოსის სახლი-ეკლესია (სირია, დაახლ. 240–256 წლები): ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი ქრისტიანული მოხატულობა, სადაც ქრისტე ახალგაზრდულ, წვერის გარეშე სახით ჩანს სასწაულების სცენებში.

იგივე ტიპაჟი გვხვდება ადრეულ რელიეფებსა და ზოგიერთ ადრეულ მოზაიკაში (მაგ., სან-ვიტალეს ცნობილ მოზაიკაზე, სადაც ქრისტე უწვერო ყმაწვილად არის წარმოდგენილი).

უწვერო ქრისტეს გამოსახულებები ათობით ფრესკაში, რელიეფსა და მოზაიკაშია შემორჩენილი, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ არის ცნობილი, რადგან ნაწილი დაზიანებულია, ნაწილი კერძო ან მუზეუმის კოლექციებშია, ხოლო ბევრ სცენაში “კეთილი მწყემსის“ ფიგურის იდენტიფიკაციაზე ხელოვნებათმცოდნეები დღემდე კამათობენ.

ადრეულ ხანაში უწვერო, ახალგაზრდა სახე მარადიული ახალგაზრდობისა და სიწმინდის სიმბოლო იყო. მოგვიანებით (IV–VI საუკუნეებიდან) წვეროსანი, უფრო მკაცრი და დიდებული სახე დამკვიდრდა, რაც ხაზს უსვამდა ქრისტეს სულიერ სიბრძნეს, მეუფებასა და ისტორიულ-ბიბლიურ ავტორიტეტს.

წყარო