ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 36 მუშა დაკარგულად ითვლება. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას კვლავ ცდილობენ.
ხანძარი შაბათს საღამოს, ინდონეზიის დასავლეთ იავაში, ჯაკარტიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ბანტენის პროვინციაში, სერანგის ოლქში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩნდა. ბანტენის გუბერნატორის, ანდრა სონის ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 36 მუშის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 გადარჩენილის ადგილსამყოფელი უკვე დადგენილია, ხოლო 4 დაშავებული საავადმყოფოსა და ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი.
მეხანძრეები კვირასაც ებრძოდნენ ცეცხლის ცალკეულ კერებს, ხოლო მაშველები ნანგრევებში იმ მუშებს ეძებდნენ, რომლებიც სავარაუდოდ შენობაში ჩარჩნენ.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, ტუბაგუს მაჩფუძის თქმით, ხანძრის მასშტაბის გამო იმ ეტაპზე შეუძლებელი გახდა დადგენა, ფუნქციონირებდა თუ არა კომპანიის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა.
ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.