ოჰაიოს შტატში, ბავშვის დაბადების აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მომხდარ სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავად მომავალი მამა, ორსული ქალის მამა და 17 წლის გოგონა. კიდევ ერთი ქალი დაიჭრა. შემთხვევა შაბათს, ქალაქ პარმაში, კლივლენდთან ახლოს მოხდა.
პარმის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით საღამოს 6 საათზე, Pandora’s Magical Events Venue-ში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სროლა 19 წლის მომავალ მამასა და მოწვეულ სტუმარს, 29 წლის მამაკაცს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

სროლის შედეგად 39 წლის ქალიც დაიჭრა. მას ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. პოლიციის ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, გადარჩება.
მომავალი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კი ამ დროისთვის უცნობია.

სამართალდამცველები იძიებენ თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება და ვინ გახსნა ცეცხლი პირველად. ოფიციალური პირების განცხადებით, 29 წლის მამაკაცი დაკავებულია. თვითმხილველების თქმით, შესაძლოა, მას იარაღი თავდაცვის მიზნით გამოეყენებინა.
FOX8-ის ცნობით, ტრაგედიის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. პოლიციასა და თვითმხილველებს შორის დაწყებული დაპირისპირება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც, სავარაუდოდ, 20-დან 25-მდე ადამიანი მონაწილეობდა.