ავტორი:

საგამოცდო სკანდალი სამხრეთ კორეაში - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თაღლითობას განათლების მინისტრის გადადგომა მოჰყვა

საგამოცდო სკანდალი სამხრეთ კორეაში - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თაღლითობას განათლების მინისტრის გადადგომა მოჰყვა

სამხრეთ კორეაში საგამოცდო სკანდალს განათლების მინისტრის გადადგომა მოჰყვა. ქვეყანაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია შემთხვევამ, როდესაც 34 წლის მამაკაცმა გამოცდაზე მიკროკამერისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თითქმის მაქსიმალური ქულა მიიღო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა ქვეყნის განათლების მინისტრმა ჩოი კიო-ჯინმა.

34 წლის ჰან ვონ-სოკმა გამოცდაში თაღლითბა ვიდეო მიმართვაში აღიარა

საქმე ეხება მამაკაცს, რომელმაც გასულ შაბათს აღიარა, რომ აპრილში ჩატარებულ საგადასახადო აღრიცხვის გამოცდაზე საუკეთესო შედეგს თაღლითობის გზით მიაღწია. ეჭვები მის უჩვეულოდ მაღალ ქულას უკავშირდებოდა: 160 კითხვიდან მან მხოლოდ ერთს გასცა არასწორი პასუხი.

მომხდარმა ხელისუფლება აიძულა, საგამოცდო სისტემაში თაღლითობის აღსაკვეთად გადაუდებელი ზომები მიეღო. განათლების მინისტრმა ჩოი კიო-ჯინმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

"სუნენგი“ სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდაა. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით ცხრა საათია და მიღებული შედეგები მილიონობით ახალგაზრდის მომავალსა და კარიერულ შესაძლებლობებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

"როგორც პასუხისმგებელ მინისტრს, მესმის, რომ ვერ გავექცევი კრიტიკას იმის გამო, რომ წინასწარ სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ახლა, როდესაც გამოცდები დასრულებულია, პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობით ვაცხადებ, რომ თანამდებობას ვტოვებ“, - განაცხადა ჩოი კიო-ჯინმა კვირას.

  • სამხრეთ კორეის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელ "სუნენგის“ გამოცდაში, რომელშიც დაახლოებით 500 000 კანდიდატი მონაწილეობდა, 111 ადამიანს აკრძალული "ჭკვიანი“ მოწყობილობები აღმოაჩნდა.

გამოცდის მიმდინარეობისას, დილის 08:00-დან 15:00 საათამდე, მობილურ ტელეფონებზე სამი საგანგებო შეტყობინება გაიგზავნა. შეტყობინებები არ ისმოდა იმ მოწყობილობებზე, რომლებიც გამორთული იყო ან თვითმფრინავის რეჟიმზე იმყოფებოდა.

ეს პირველი შემთხვევა იყო სამხრეთ კორეის ისტორიაში, როდესაც გამოცდაზე თაღლითობის წინააღმდეგ ეროვნული საგანგებო შეტყობინებების სისტემა გამოიყენეს.

უსაფრთხოების ზომები მხოლოდ ელექტრონული მოწყობილობების შემოწმებით არ შემოიფარგლებოდა. კანდიდატებს პერანგებისა და ქურთუკების ღილების დაფარვაც მოსთხოვეს, რათა ფარული კამერების გამოყენება აღეკვეთათ. გამოცდამდე მოწმდებოდა სათვალეებიც, რათა გამოერიცხათ მათში ჩამონტაჟებული ფარული ტექნიკის არსებობა.

წყარო: bbc.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა