საქართველოში სუროგაციის აკრძალვის საკითხმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. მეან-გინეკოლოგი, კლერმონ ფერანის უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთის მაგალითს განიხილავს და ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ სუროგაციის სამართლებრივ შეზღუდვაზე, არამედ უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელობაზე.
"წინასწარ ვიცი, ახლა "ევროპაშიც აკრძალულია“ არგუმენტს ჩვეულებისამებრ დემაგოგიურად მოიშველიებენ, გადავეყარე უკვე მსგავს კომენტარებს. ქვეყნების ჩამოთვლას არ დავიწყებ, სადაა აკრძალული და სად არა, საფრანგეთზე შევჩერდები მხოლოდ, რომლის რეალობა ყველაზე კარგად ვიცი, თან რეპროდუქტოლოგიის პიონერებთან ვმუშაობდი და ამ სფეროს განვითარების ეტაპებიც კარგად მახსოვს. ჰოდა, დიახ: საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია. მაგრამ არა პოლიტიკური ვაჭრობისა ან ობსკურანტისტებთან გარიგების გამო ("ამას დაგითმობთ, სამაგიეროდ აზარტული თამაშების ბიზნესს თავი დაანებეთ“), არამედ კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩოთი, 1994 წლის “ბიოეთიკის კანონით”. მის მოტივებსა და არგუმენტებზეც აქ არ გავჩერდები, ამ თემის სხვა ასპექტზე ვწერ.
ამავდროულად, საფრანგეთის მოქალაქეს კანონი არ უკრძალავს უცხოეთში წასვლას და სუროგაციით სარგებლობას იქ, სადაც ის ნებადართულია. 69-მილიონიან ქვეყანაში ამ გზას წელიწადში სულ რაღაც 300–500 წყვილი მიმართავს. შედარებისთვის: ქალების რაოდენობა, ვინც სპონტანურად ვერ ორსულდება, დაახლოებით 3 მილიონია. ანუ სუროგაციას რეალურად ძალიან ცოტა ირჩევს.მაგრამ მთავარი სხვა რამეა: საფრანგეთში უშვილობის მკურნალობა მოქალაქეებისთვის 100%-ით უფასოა.
ყველაფერი, მრავალჯერადი და ძვირადღირებული კვლევებით დაწყებული, ნებისმიერი მკურნალობითა თუ ოპერაციით დამთავრებული. ნაზღაურდება ანალიზებისა და პროცედურების გამო სამსახურში გაცდენილი საათებიც და კლინიკამდე მგზავრობის ხარჯებიც კი, მანძილისა და ტრანსპორტის ტიპის მიუხედავად. სრულად ფინანსდება ხელოვნური განაყოფიერებაც , 4 მცდელობა, 43 წლის ასაკამდე. ხოდა, სანამ მუდმივად სალანძღავ ევროპას შეედრებიან, ჯერ ჯანდაცვის სისტემა ააწყონ ამ დონეზე და მერე ამოიღონ ხმა." - წერს რევაზ ბოჭორიშვილი.
ასევე იხილეთ: