ავტორი:

რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე, საბარგულიდან ხელსაწყოების ამოღებისას ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა - როგორია დაშავებულის მდგომარეობა (ვიდეო)

რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე, საბარგულიდან ხელსაწყოების ამოღებისას ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა - როგორია დაშავებულის მდგომარეობა (ვიდეო)

ავარია რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე - საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა.

  • გამოცემის ცნობით, ქალი "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. ის მანქანიდან საბურავის შესაცვლელად გადმოვიდა. ქალი საბარგულთან იდგა, ხელსაწყოებს იღებდა, რა დროსაც უკნიდან მომავალი ავტომობილი დაეჯახა.

"30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც გზაზე მომავალი "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა ის სავარაუდოდ ვერ შეამჩნია, მუხრუჭის გარეშე შეეჯახა და ავტომობილზე მიჭყლიტა. შეჯახების შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ინერციით, რამდენიმე წუთით ადრე, დასახმარებლად გაჩერებულ "ბეემვეს" მარკის ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა." - წერს გამოცემა.

  • როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმის კოორდინატორ-ორგანიზატორმა და მორიგე ექიმმა ივანე ბალიაშვილმა განუცხადა, პაციენტს ქვედა კიდურების მძიმე, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. შემოყვანილია ტრავმული შოკით, ორივე ქვედა კიდურის მძიმე, მრავლობითი მოტეხილობით. მათ შორის იყო ღია მოტეხილობები. მომზადდა საოპერაციოდ. ჩატარდა ჰემოტრანსფუზია, მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულ მდგომარეობაში ავიყვანეთ ოპერაციაზე.

ამ ეტაპზე რა მონაცემებიცაა, დაზიანების თვალსაზრისით კიდურის ამპუტაციის საკითხი არ იდგა, არც ტრავმული, არც გეგმური. თუმცა წინ რთული პერიოდია გასავლელი. სჭირდება გარეგანი და შინაგანი ფიქსაცია, ბარძაყიც მოტეხილია და ორივე წვივის ძვლებიც. პლუს ამას, რბილი ქსოვილების დაზიანებებიც. ჩემი ბოლო ინფორმაციით მიმდინარეობდა ოპერაციული ჩარევა, რის შემდეგაც გადაიყვანენ რეანიმაციულ განყოფილებაში" - განუცხადა "ინფო რუსთავს" ივანე ბალიაშვილმა.

გამოცემა წერს, რომ ავტომობილის მძღოლი, რომელიც ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.