ავტორი:

საკვებით მოწამვლა თუ მომაკვდინებელი ქიმიკატი - სტამბოლში მოგზაურობისას კვებეკელი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა

საკვებით მოწამვლა თუ მომაკვდინებელი ქიმიკატი - სტამბოლში მოგზაურობისას კვებეკელი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა

24 წლის კვებეკელი ქალი, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ბერენჯერ დევო-კატინო, თურქეთში მოგზაურობისას მოულოდნელად გარდაიცვალა. თავდაპირველად მისი ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ ქალი საკვებით მოიწამლა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა სასტუმროში გამოყენებული მაღალტოქსიკური პესტიციდი ყოფილიყო.

"ის მანამდე არასდროს ყოფილა თურქეთში და ფიქრობდა, რომ ძალიან ლამაზი და ცოცხალი ქვეყანაა“, - განუცხადა გამოცემას გარდაცვლილის დამ, ელეონორ დევო-კატინომ.

სასტუმროში დაბინავების შემდეგ ბერენჯერმა ქათმის კასეროლი, თურქული ჩაი და ბაქლავა მიირთვა. მალევე ის და მისი თანმხლები პირები შეუძლოდ გახდნენ. როგორც გამოცემა წერს, ჯგუფის წევრებს ძლიერი გულისრევა და ღებინება დაეწყოთ.

  • "შემდეგ ცუდად ვიგრძენი თავი და უცებ ყველამ რიგრიგობით დავიწყეთ აბაზანაში ღებინება. მივხვდით, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს უბრალოდ არ გაივლიდა“, - იხსენებს ლორი, რომელიც ბერენჯერთან ერთად იმყოფებოდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი გარდაცვალებამდე FaceTime-ის საშუალებით თავის დას, ელეონორას დაუკავშირდა. საუბარმა ოჯახში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. "ვიფიქრე, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ეს ცუდი ამბავი იქნება-მეთქი“ - იხსენებს ელეონორა.

მისი თქმით, ბერენჯერმა უთხრა, რომ სტამბოლის საავადმყოფოში იმყოფებოდა და ექიმებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირება სთხოვეს. "მან მითხრა: ჩვენ სტამბოლის საავადმყოფოში ვართ და როგორც ჩანს, საქმე კარგად ვერ არის. მითხრეს, რომ ოჯახს დავუკავშირდე“.

ელეონორა და მათი მამა, ანრი კატინო, სტამბოლში გასამგზავრებლად სასწრაფოდ ავიაბილეთების მოძიებას შეუდგნენ, თუმცა ტრაგიკული ამბავი პარიზში, დამაკავშირებელი რეისის მოლოდინში შეიტყვეს.

"ვკითხე: "გთხოვთ, შეგიძლიათ მითხრათ, ჩემი და გარდაიცვალა თუ არა?“ მან მიპასუხა: "ძალიან ვწუხვარ, ელეონორ, მაგრამ შენი და გარდაიცვალა“, - იხსენებს ის.

ოჯახმა ბერენჯერის ცხედარი სამშობლოში გადაასვენა და კვებეკის კორონერის ოფისს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთის პირველადი დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ქალი საკვებით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. მათი თქმით, ექსპერტიზის მასალებში არ აღმოჩნდა საკვებით მოწამვლისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

  • პესტიციდებით მოწამვლის ფაქტები თურქეთში

ბერენჯერის შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებო მას შემდეგ გახდა, რაც ნოემბერში სტამბოლში თურქულ-გერმანული ოჯახის 4 წევრი, ბოჩეკები, ასევე მოულოდნელად გარდაიცვალა. ისინი ქალაქში ჩასვლიდან სულ რაღაც სამ დღეში დაიღუპნენ. ბოჩეკები იმ სასტუმროსთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც ბერენჯერი შეუძლოდ გახდა.

თავდაპირველად გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ბოჩეკების ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზიც საკვებით მოწამვლა იყო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ სხვა ვერსიაზე დაიწყო მუშაობა. გაჩნდა ეჭვი, რომ მათი სიკვდილი შესაძლოა ალუმინის ფოსფიდს უკავშირდებოდეს - მაღალტოქსიკურ სასოფლო-სამეურნეო პესტიციდს, რომელსაც მღრღნელებისა და მწერების გასანადგურებლად იყენებენ.

გამოძიების ვერსიით, ფატალური მოწამვლის მიზეზი შესაძლოა, მეზობელ სასტუმროს ნომერში ჩატარებული ფუმიგაცია ყოფილიყო. ალუმინის ფოსფიდი ჰაერთან შეხებისას გამოყოფს მომწამვლელ ფოსფინის აირს, რომელიც ადამიანებისთვის უკიდურესად საშიშია.

პესტიციდის გამოყენება ურბანულ რაიონებში აკრძალულია, თუმცა, როგორც ირკვევა, სტამბოლში ბაღლინჯოების პრობლემის გამო ზოგიერთი სახლისა და სასტუმროს მფლობელი ამ მეთოდს მაინც მიმართავს.

ბოჩეკების ოჯახის გარდაცვალების საქმეზე მავნებლების კონტროლის კომპანიის მფლობელებს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, სასტუმროს მფლობელებსა და თანამშრომლებს კი დაახლოებით 12-13-წლიანი პატიმრობა.

  • ოჯახი ბერენჯერის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზს ეჭვქვეშ აყენებს

ამ ყველაფრის ფონზე, ბერენჯერ დევო-კატინოს ოჯახმა მოგვიანებით მისი გაკვეთის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც ქალის გარდაცვალების მიზეზად საკვებით მოწამვლა დასახელდა. თუმცა ელეონორა მიიჩნევს, რომ დასკვნაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.

"კორონერმა რამდენიმე ტესტი ჩაატარა, თუმცა ვერ დაადასტურა, რომ სიკვდილის მიზეზი საკვებით მოწამვლა იყო. როგორც წესი, ასეთ დროს ნაწლავების გაღიზიანების ნიშნები ვლინდება. ჩემი დის შემთხვევაში კი მსგავსი არაფერი ყოფილა.“ - ამბობს ის.

გამოცემამ, თურქ ჟურნალისტ აიშე ადანალისთან თანამშრომლობით, დაადგინა, რომ 2023 წლიდან თურქეთში ფოსფინით მოწამვლის 30 შემთხვევა და მასთან დაკავშირებული ათეულობით გარდაცვალება დაფიქსირდა.

  • აღსანიშნავია, რომ ბერენჯერის საქმის მასალებს თურქეთის წამყვანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, სებნემ კორურ ფინკანჯი, გაეცნო. მისი შეფასებით, ქალის გარდაცვალების მიზეზი, დიდი ალბათობით, საკვებით მოწამვლა არ ყოფილა.

"არ ვფიქრობ, რომ ეს საკვებით მოწამვლაა, რადგან დიარეის ისტორია არ არსებობს და მხოლოდ ღებინება ფიქსირდება. უფრო მეტად ეს პესტიციდებით მოწამვლას ჰგავს“, - განაცხადა სპეციალისტმა.

ამ გარემოებებმა ბერენჯერის ოჯახის ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. მათთვის მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რამ გამოიწვია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება? - სტამბოლში სასტუმროს ნომერში გამოყენებულმა მომწამვლელმა ნივთიერებამ თუ საკვებით მოწამვლამ?

წყარო