იტალიელი იუველირი და Bvlgari-ს ყოფილი ხელმძღვანელი პაოლო ბულგარი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოჯახის საიუველირო ბიზნესის განვითარებაში და ბრენდი საერთაშორისო ფუფუნების სიმბოლოდ აქცია.
პაოლო ბულგარი Bvlgari Group-ის თავმჯდომარე 1984 წლიდან იყო. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე გაიმყარა პოზიციები და საიუველირო ნაწარმის გარდა, საქმიანობა საათების, სუნამოების, ტყავის აქსესუარებისა და სასტუმროების მიმართულებითაც გააფართოვა.

Bvlgari მე-19 საუკუნის ბოლოს მისმა ბაბუამ, ბერძენმა იუველირმა სოტირიოს ბულგარიმ, რომში დააარსა. პაოლო ოჯახურ ბიზნესს ახალგაზრდობიდან შეუერთდა, ძვირფასი ქვების ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ჩამოყალიბდა და მოგვიანებით კომპანიის საერთაშორისო წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.
Bvlgari-ს სამკაულებს წლების განმავლობაში ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები და სამეფო ოჯახის წევრები ატარებდნენ. მათ შორის იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო, პრინცესა დიანა, რიანა და ზენდაია.

2011 წელს ბულგარის ოჯახმა კომპანიის საკონტროლო პაკეტი ფრანგულ ფუფუნების ჯგუფ LVMH-ს დაახლოებით 3.7 მილიარდ ევროდ მიჰყიდა.
პაოლო ბულგარის გარდაცვალებას კომპანია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას „ჭეშმარიტი შემოქმედებითი სულის“ მქონე ადამიანი უწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი ნამუშევრები და მემკვიდრეობა მომავალ თაობებსაც შთააგონებს.