პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

„სახლში მინდა ძალიან, „სვაბოდა“ ყველას“, - განაცხადა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მინდაძემ.
თავისუფლება უსურვა დანარჩენ პატიმრებს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა, ანრი კვარაცხელიამ.

"ჩვეულებრივი მომენტია, ბიჭებს მოვიკითხავ, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ. მაგარი ბიჭები არიან და თავიანთის საქმის თვითონ იციან!“ - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. მათ შორის მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს ასევე, გიორგი ოკმელაშვილიც. ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.